თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ,  სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულ  თბილისის ყოფილი პროკურორს, მურთაზ  ზოდელავას,  გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევის საქმეზე 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიების ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა, გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

ასევე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ მას ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქოს სასამართლომ როკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო. 

სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირაკლი შაიშმელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა.