ამაღლების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც სადღესასწაულო ღონისძიებები სოფლის ცენტრში გაგრძელდა.
ამაღლების სკვერში ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გაიხსნა. ამასთანავე, პატივი მიაგეს ღვაწლმოსილ საეკლესიო მოღვაწეებს, გაიხსნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის, ასევე პატრიარქების: ლეონიდეს, ამბროსისა და კირიონ მეორის და სოფელ მაღლაკში მოღვაწე მღვდლების მემორიალური დაფები. გამოჩენილი მაღლაკელების მემორიალს კიდევ სამი გამორჩეული თანასოფლელის: ვასილ დეისაძის, ლიდა დეისაძისა და გუგული ზაქარიაძის მემორიალური დაფები შეემატა.
შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ბადრი ტყეშელაშვილმა.
„გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ჩვენ ყველანი ერთად პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ერისკაცებსა და საქართველოს ეკლესიის პატრიარქებს. სოფელი არ ივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მაღლაკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავი იდეის ავტორსა და ორგანიზატორს, ბადრი ტყეშელაშვილს“-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესასწაულის ფარგლებში, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებამ“ სხვადასხვა სპორტული აქტივობა გამართა, ხოლო „ა(ა)იპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა“ საზეიმო კონცერტი წარმოადგინა.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს










