Next Gen Specialists პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის
22 მაისს, 16:30 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში (მის: ი.ჭავჭავაძის #37) საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია როში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის - Next Gen Specialists (NGS) ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს.
NGS წარმოადგენს გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის იქმნება. პროგრამის მიზანია თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება.
NGS (ენჯიესი) აერთიანებს ოთხ მიმართულებას: ონკოლოგიას, ჰემატოლოგიას, ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიას — სფეროებს, სადაც თანამედროვე მედიცინა ყველაზე სწრაფად ვითარდება და ინოვაცია რეალურ გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. ეს მიმართულებები დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, როშისთვის კი, ეს სფეროები სტრატეგიული მნიშვნელობისაა — მათში კომპანიას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება, ექსპერტიზა და ინოვაციური რესურსი გააჩნია.
“როში მედიცინაში ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ არა მხოლოდ ინოვაციების შემქმნელი, არამედ მათი გამზიარებელიც. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება. დღეს, როდესაც მედიცინა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, გვჯერა, რომ ახალგაზრდა ექიმებისთვის ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედიცინის მომავალი დღეს იქმნება იმ ახალგაზრდა ექიმების ხელით, რომლებიც ახლა სწავლობენ, იზრდებიან და ვითარდებიან. სწორედ ამ ხედვიდან დაიბადა NGS - Next Gen Specialists პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტების განვითარებას და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, — აცხადებს მაკა ასათიანი, „როშ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პირდაპირი წვდომა ექსპერტებთან ვორქშოფებისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატში — როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე; გაიუმჯობესონ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკისთვის საჭირო პროფესიული უნარები; მიიღონ პერსონალური მენტორობა Roche-ის გუნდისგან; ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე; სურვილის შემთხვევაში, გაიარონ სტაჟირება „როშ ჯორჯიას“ გუნდში.
„ჩვენ გვჯერა შემდეგი თაობის და მათი როლის მედიცინაში. Next Gen Specialists შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება, თანამედროვე ცოდნაზე წვდომა და დარგის ლიდერებად ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა — ეს არის ინვესტიცია მომავალში, რადგან როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტს განვითარების შესაძლებლობას აძლევ, რეალურად აძლიერებ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას. გვჯერა, რომ სწორედ ცოდნის გაზიარებით იქმნება პროგრესი და ძლიერდება მომავალი“, — აცხადებს ნინო განუგრავა, „როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია და პანელური შეხვედრა, სადაც მონაწილეები გაეცნობიან NGS-ის ხედვასა და განვითარების მიმართულებებს. ასევე გაიმართება პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების ცერემონია.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები იხილავენ სპეციალურად NGS-ისთვის შექმნილ ვიდეოს, ხოლო მოწვეული სპიკერი მედეა ტაბატაძე მასტერკლასს ჩაატარებს თემაზე — პროფესიული განვითარება, მოტივაცია და შესაძლებლობების სწორად გამოყენება სწრაფად ცვალებად გარემოში.
NGS-ის საგანმანათლებლო პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები და ახალგაზრდა ექიმები დაესწრებიან.
Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. იგი მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge




