რესპუბლიკელი კონგრესმენი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ჯო უილსონი აცხადებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთს შეუტიეს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

„რუსეთი ნატო-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული დრონებით, „შაჰედებით“ ესხმის თავს, სულ რაღაც, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტი ნავროცკი თეთრ სახლში მიიღო. ეს არის ომის აქტი და ჩვენ მადლიერნი ვართ ნატო-ს მოკავშირეების სწრაფი რეაქციის სამხედრო დამნაშავე პუტინის მიერ თავისუფალი და შრომისმოყვარე ხალხების წინააღმდეგ მიმართულ უსაფუძვლო აგრესიაზე“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

კონგრესმენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შემოიღოს ისეთი სანქციები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანის პარალიზებას მოახდენს, ხოლო უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

როგორც უილსონი აღნიშნავს, პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში ომით და ახლა „ნატო-ს მზადყოფნას თავად მის ტერიტორიაზე ამოწმებს“.

„პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში დამარცხებით, დედებისა და ჩვილების დაბომბვით. ახლა ის უშუალოდ ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე ამოწმებს. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთს საზღვრები არ აქვს“. თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს ასწავლიან, რას ნიშნავს საზღვრები“, – წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, პოლონეთის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ობიექტების ჩამოგდება დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები იყო.