საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში - ქვეყნის საჰაერო ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს პოლონეთში საგანგებო მდგომარეობაა. უსაფრთხოების მიზნით, ამ დრომდე დახურულია, ქვეყანაში მდებარე ოთხი საერთაშორისო აეროპორტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავამ პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დაიწყო.

პოლონეთის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მომხდარმა პოლონეთის მოქალაქეებს პირდაპირი საფრთხე შეუქმნა და მოსახლეობას ოპერაციის დასრულებამდე სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს რუსული დრონები იყო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კი ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა "გაანეიტრალა" დრონები, რომლებმაც უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და თქვა, რომ ვარშავა კომუნიკაციას აწარმოებს ნატო-ს სარდლობასთან და "დაუყოვნებელი რეაგირებისთვისაა მზად".

BBC-ს ცნობით, პოლონეთმა, ღამით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რეზერვისტების მობილიზება გამოაცხადა.