ფრანგული მედიის ცნობით, სოციალურ მედიაში სპონტანურად ჩასახული მოძრაობის მიერ დაგეგმილმა და ულტრამემარცხენე ძალების მხარდაჭერილმა სრულიად საფრანგეთის მასშტაბით გამართულმა გუშინდელმა საპროტესტო აქციებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
ახალი პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გამართული სამინისტროთაშორისი კრიზისული კომიტეტის სხდომის შემდეგ საფრანგეთის წარმავალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განვლილი დღე შეაჯამა და პირველ რიგში აღნიშნა „ქვეყნის ბლოკირების მსურველთა წარუმატებლობა“.
მისი თქმით, „იყო მრავალი მცდელობა, ზოგჯერ ძალადობით“, თუმცა საბოლოო ჯამში პოლიციამ მოძრაობის, „დაბლოკე ყველაფერი“, აქციის მონაწილეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში 850 საპროტესტო აქცია გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 197 ათასმა ადამიანმა, აქედან პარიზში 14 ათასმა. პოლიციამ 540 კაცი დააკავა, მათ შორის 211 პარიზში. დაკავებულთაგან პატიმრობაში აყვანილია 415 კაცი, მათ შორის 211 პარიზში. მსუბუქად დაშავდა 23 სამართალდამცავი.