ამის შესახებ გერმანიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა პირველივე ტურში დამარცხდა პორტუგალიასთან და ავსტრიასთან, - განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკმა.
გაეროს არამუდმივი წევრის ადგილის მოსაპოვებლად საჭირო იყო ხმების ორი მესამედი ანუ 127 ხმა (გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან ორს, ავღანეთს და ვენესუელას, ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული აქვს). რეგიონულ ჯგუფში, „დასავლეთ ევროპა და სხვები“, ორი ადგილისთვის სამი ქვეყანა იბრძოდა. პორტუგალიამ 134 ხმა მიიღო, ავსტრიამ 131, გერმანიამ კი 104. კენჭისყრა ფარული იყო და უცნობია, ვინ დაუჭირა მხარი გერმანიას და ვინ მისცა ხმა მის წინააღმდეგ.
უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები ასევე გახდნენ ზიმბაბვე აფრიკის რეგიონული ჯგუფიდან და ტრინიდადი და ტობაგო ლათინურ ამერიკის რეგიონული ჯგუფიდან. აზიის რეგიონულ ჯგუფში პირველ ტურში ხმების ორი მესამედის მოგროვება ვერ შეძლეს ყირგიზეთმა და ფილიპინებმა.
გერმანული მედია აღნიშნავს, რომ გაერთიანების შემდეგ, გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილის მოპოვებას რვა წელიწადში ერთხელ ცდილობს და ყოველთვის წარმატებით ახერხებს. საერთო ჯამში, გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად ექვსჯერ აირჩიეს, ბოლოს 2019/2020 წლებში.




