ევროკომისიამ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ევროკომისიის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირება ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკს უკავშირდება.

მათი ვარაუდით, 2026 წელს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეკონომიკა საერთო ჯამში 1,1%-ით გაიზრდება. 2025 წელს ზრდამ 1,5%-ი შეადგინა. ევროკომისიის შეფასებით, ინფლაცია წელს 3,1%-ს მიაღწევს, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებლებზე 1%-ით მეტია.

„ევროკავშირის ეკონომიკა ახალი ენერგეტიკული შოკის წინაშე დგას, რაც წარმოების ხარჯებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ მოხმარებას აფერხებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიის პროგნოზით, 2026 წელს ბევრი ევროპული კომპანიის მოგება შემცირდება, გაურკვევლობა კი, მაღალი რჩება.

ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია 2.4%-ი იქნება. ანგარიშის მიხედვით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გავლენა მომავალ წელსაც საგრძნობი იქნება, თუმცა ვითარება უნდა გაუმჯობესდეს.