ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მოკვლევით დასტურდება, რომ გარკვეული მონაცემები მოპარულია.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ შეტევა სამშაბათს აღმოაჩინა და მისი ლოკალიზებისთვის დაუყოვნებლივი ზომები მიიღო. თავდასხმა განხორციელდა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც კომისია Europa.eu პლატფორმის სამართავად იყენებს. სწორედ ამ პლატფორმაზეა განთავსებული ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების ვებგვერდები.

კომისიის განმარტებით, ინციდენტი “ლოკალიზებულია“, თუმცა გამოძიების საწყის ეტაპზე იკვეთება, რომ ამ ვებგვერდებიდან შესაძლოა გარკვეული მონაცემები იყოს წაღებული. მათივე თქმით, უწყების შიდა სისტემები არ დაზიანებულა.

ჯერჯერობით არ სახელდება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. ევროპული მთავრობები და კომპანიები სულ უფრო ხშირად ხდებიან როგორც კრიმინალური, ისე სახელმწიფოების მიერ მართული ჰაკერული ჯგუფების სამიზნე.

ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (ENISA) ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპა ამ მიმართულებით “მასშტაბურად აგებს“.

კომისიამ დაამატა, რომ ამჟამად კავშირზეა ევროკავშირის ყველა იმ ინსტიტუტთან, რომელიც შესაძლოა დაზარალებულიყო. უწყება გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მოგვიანებით დეტალურად გაანალიზებს მომხდარს, რათა მომავალში კიბერდაცვა გააძლიეროს.

2024 წელს ევროპარლამენტში მონაცემთა მასშტაბური გაჟონვა მოხდა, რაც ადამიანური რესურსების (HR) სისტემის გატეხვამ გამოიწვია.

ევროკავშირის ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ორგანო სახელწოდებით CERT-EU, რომელიც კომისიის IT დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.