ნატო-ს ხარჯების 100%-ს ვიხდიდით, ახლა კი, ვითხოვთ მხოლოდ გრენლანდიის მიღებას, მათ შორის სწორ სახელწოდებას და მფლობელობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ ნატო-ს დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა, მაგრამ ალიანსისგან არაფერი მიუღია.
„ჩვენ არაფერი მიგვიღია ნატო-სგან, გარდა ევროპის დაცვისა საბჭოთა კავშირისგან და შემდეგ რუსეთისგან. ნატო-ს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეხმარებოდით, მაგრამ არაფერი მიგვიღია ნატო-სგან. გამონაკლისი ისაა, რომ ჩვენ ვიხდიდით ნატო-სთვის. ჩვენ ამას ვაკეთებდით მრავალი წლის განმავლობაში, ვიდრე მე მოვედი. ჩემი მოსაზრებით, ნატო-ს ხარჯების 100%-ს ვიხდიდით. ახლა კი მხოლოდ გრენლადიის მიღებას ვითხოვთ, სრული საკუთრების უფლებით, რადგან აუცილებელია მისი ფლობა, რომ დაიცვა. ქირის საფუძველზე გრენლანდიას ვერ დაიცავ. პირველი – ასეთ შემთხვევაში მისი დაცვა შეუძლებელია ლეგალურად. მეორე – მას ვერ დაიცავ ფსიქოლოგიურად. ვინ ოხერს მოუნდება, შეთანხმების საფუძველზე ან დაქირავებული მიწის დაცვა? საუბარია ყინულის დიდ მასაზე, რომელიც ოკეანის შუაგულშია. ომის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი სწორედ ამ ყინულის მასაზე გაიმართება. რაკეტები გრენლანდიის თავზე იფრენენ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვსურს დანიისგან, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენი ძალიან ენერგიული, საშიში პოტენციური მტრები შევაჩეროთ, არის ეს მიწა, რომელზეც ავაშენებთ ოქროს გუმბათს. ეს სისტემა დაიცავს კანადას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს და კანადის პრემიერი ასევე უნდა იყოს მადლობელი.
„სხვათა შორის, კანადა ძალიან ბევრ საჩუქარს იღებს ჩვენგან უფასოდ, ის ასევე უნდა იყოს მადლობელი. ვუყურე კანადის პრემიერ-მინისტრს და არ ჩანდა მადლობელი. არადა უნდა იყოს. კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს, გახსოვდეს, მარკ, როდესაც შემდეგ ჯერზე განცხადებებს გააკეთებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არქტიკის სუვერენიტეტის საკითხში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის მხარეს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს“.








