აშშ-ის პოლიტიკა არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რითიც უპასუხა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

როგორც „დეილი მეილი“ წერს, ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის საჯარო ლანძღვა მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს.

„ყველა, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი გზაა ამ ადმინისტრაციასთან საქმის საწარმოებლად“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ზელენსკი იღებს ცუდ რჩევებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ჯარისკაცების სიმამაცით, მაგრამ ცალსახად მიგვაჩნია, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკა. ის არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას. ის ეფუძნება იმას, რომ დონალდ ტრამპმა, ვფიქრობ, ბევრი იცის გეოპოლიტიკის შესახებ და აქვს ძლიერი პოზიცია“, – თქვა ვენსმა.

თარგმანი: პირველი არხი