მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და ასე გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„წარმოიდგინეთ, საშუალო წარმატების მქონე კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო,“ – წერს ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკრიტიკებს გაწეული დახმარების დისბალანსს ფინანსური კუთხით ევროპასა და აშშ-ს შორის.

„შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა, ევროპის ფული გარანტირებულია, მაშინ როცა შეერთებული შტატები უკან ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანასწორობა, როცა ეს ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ ხომ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს?” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ზელენსკი აღიარებს, რომ გაგზავნილი თანხის ნახევარი დაკარგულია.

ამავე განცხადებაში დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა.

„ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინულ გამოკითხვებში ძალიან დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა იყო ის, რომ ბაიდენით თამაშობდა, როგორც ვიოლინოთი. დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მხოლოდ მას და მის ადმინისტრაციას შეუძლია რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება ომის დასასრულებლად.

„ზელენსკის, სავარაუდოდ, სურს „ფინანსური ნაკადის“ გაგრძელება. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და ასე გრძელდება“- აცხადებს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თარგმანი: პირველი არხი