"ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა" - თქვა ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა...

განსაკუთრებით მძაფრად მაშინ გრძნობ ამ ურთიერთობების საჭიროებას, როდესაც საქმე ადამიანისთვის ყველაზე ძვირფას რამეს - სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება...

და როდესაც ასეთი ისტორიის ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ, რაც არ უნდა რთული იყოს თუნდაც წარსულში დარჩენილ ცუდ ამბავზე საუბარი, ვალდებული ხარ, მოუყვე ადამიანებს იმაზე, როგორ მარტივად გვარდება პრობლემები კარგი ადამიანების ხელში...

მით უმეტეს, თუ ეს კარგი ადამიანი შენი მკურნალი ექიმია...

კარგი ადამიანი ქემალ რაშა...

ჩემი ეს ინტერვიუ, რომელიც მსოფლიოში წამყვან თურქ  ქირურგთან, მამოლოგ ქემალ რაშასთან ჩავწერე, სწორედ ადამიანურ ურთიერთობებზეა, იმაზე - როგორი უნდა იყოს ნამდვილი ექიმი, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი ადამიანების სიყვარულით აქვს დადებული და არა ანგარებით.

 ინტერვიუ ვრცელია, მაგრამ მენდეთ სიტყვაზე, ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავთ და ალბათ ზოგიერთ ქართველ ექიმთან თავს გადამხდარ ჩვენს ისტორიებსაც გულდაწყვეტით გავიხსენებთ... 

არ გეგონოთ, რომ ქართველი ექიმების როლს ვაკნინებ! ჩემი მშობლები ექიმები არიან, ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც, მათი მეგობრებიც... შეიძლება ითქვას, ერთი დიდი სამედიცინო  გარემოში ვიზრდებოდი... უფრო მეტიც, ჩემი ოჯახის წევრი კოვიდის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა...

მაგრამ... ზოგჯერ დუმილი დანაშაულია...

პირადად ვიცნობ კარგ ქართველ ექიმებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს არა... გამონაკლისები კი სტატისტიკას ვერ ქმნიან...

მე კი, როგორც ჟურნალისტი, როგორც მოქალაქე და როგორც ონკოპაციენტი, თავს ვალდებულად ვთვლი, მონაწილეობა მივიღო "ადამიანური ურთიერთობების" სტატისტიკის შექმნაში... ცხადია, თქვენი თანამონაწილეობით...

სანამ ქართულ სამედიცინო სერვისზე ჩუმად, ერთმანეთში და კულუარებში ვისაუბრებთ, მანამ ვერ მივიღებთ იმ ფუფუნებას, რასაც ექიმსა და პაციენტს შორის ადამიანური ურთიერთობა ჰქვია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც პირად შეტყობინებებში მწერთ, როგორ მოგექცნენ, როგორ არ მოგისმინეს, როგორ გამოგაგდეს კაბინეტიდან 3 წუთში ისე, რომ არცერთ კითხვაზე ადამიანურად არ გიპასუხეს, მოგიწოდებთ, ისაუბროთ ამაზე ხმამაღლა, საჯაროდ, რადგან ჯანდაცვის უფლება და რაც მთავარია, ხარისხიანი ჯანდაცვის, ყველა საერთაშორისო აქტითაა დაცული და თქვენი აბსოლუტური უფლებაა. და, ჩვენ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ის, რაც კანონით გვეკუთვნის...

ჩემი ეს უფლება მაშინ დაირღვა, როდესაც დიდი ჩაწყობებით და ადამიანების შეწუხებით, თავი მოვიხვედრე ცნობილ ონკოლოგ გოგიტასთან, რომელსაც სულ ორი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემთვის დიაგნოზიც გამოეცხადებინა და ისე გამოვესტუმრებინე ფეხზე დამდგარს, რომ ერთი ჭიქა წყალიც არ შემოეთავაზებინა... 

ამ ისტორიაზე უკვე დავწერე და  აქ აღარ შევჩერდები... 

(https://ipress.ge/news/sazogadoeba/me-tamar-lefsveridze-rigit-47-e-patsienti-dzudzus-kiboti-anu-rotsa-dumili-danashaulia-chemi-blogi)

ამ ამბის გაგრძელებას გეტყვით ორი სიტყვით. ოპერაცია ევროპაში წამყვანმა სპეციალისტმა, "ანადოლუს" კლინიკის ონკო-ქირურგმა, ქემალ რაშამ გამიკეთა... სამი კვირის შემდეგ, როდესაც კლინიკაში ისევ ჩავედი, უცებ დერეფანში მესმის, ვიღაც მეძახის, თამარ... და ჩემი ქემალი, გახარებული, ბედნიერი სახით მოდის, მეხუტება და მეუბნება: როგორ მიხარია, რომ ასე კარგად გამოიყურებით, მადლობას გიხდით, რომ მანდეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი რამ - სიცოცხლე....

ენა ჩამივარდა... ხმა ვერ ამოვიღე... მინდოდა ჩავხუტებოდი...

მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც ის მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს სამშობლოში გადამხდენოდა თავს....

"ყველაზე მთავარი არის ნდობის ფაქტორი, ნდობა არ მოდის ტყუილებით და ნახევარი სიმართლის თქმით" -  ინტერვიუ ქემალ რაშასთან

პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო ბატონო ქემალ...

პირიქით, მე გიხდით მადლობას იმისთვის, რომ მენდეთ, როგორც ექიმს და მომანდეთ ყველაზე ძვირფასი რამ თქვენთვის, ჯანმღტელობა

ინტერვიუს ჩაწერამდე ყოველთვის ვფიქრობ, რა დავსვა პირველი კითხვად, რათა საუბარი საინტერესოდ დაიწყოს და წარიმართოს... ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველი კითხვის დასმის საშუალება თავად მომეცით, როდესაც ოპერაციის შემდეგ, თქვენს კლინიკაში, სამი კვირის თავზე, ისე შემხვდით დერეფანში, თითქოს თქვენი ერთადერთი პაციენტი ვიყავი...

ძალიან ბედნიერი ვარ ამას რომ მეუბნებით, რადგან ჩვენი საქმიანობა, რასაც ვემსახურებით,  მექანიკური რამ არ არის. ეს არ არის, როდესაც მანქანის ნაწილს ცვლიან და რაღაცას შეაკეთებენ.  არც სამზარეულოს კომბაინია, რომელიც უნდა შეაკეთო.

როდესაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, სიცოცხლეს შენ განდობს, იმ ადამიანს განსაკუთრებულად უნდა მიუდგე. ამ პროცესში კი ყველაზე მთავარი არის ნდობის ფაქტორი.

მე, ქირურგად მუშაობის 30 წლის  სტაჟი მაქვს და ჩემთვის ყველაზე მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო ნდობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე ვუთხრა პაციენტს, დეტალურად ავუხსნა ყველაფერი და ის მენდოს.

პირველი შეხვედრა ყოველთვის არასასიამოვნოდ იწყება ხოლმე, როდესაც დიაგნოზს ვეუბნები. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას აუხსნა ყველაფერი ისე დეტალურად, ისე ღიად, ისე რომ მას  კითხვა არ დარჩეს. როდესაც უკვე ამბავი კარგად სრულდება და ამას ეუბნები პაციენტს, მან უკვე იცის, რომ შეუძლია შენ გენდოს, რადგან არც ცუდს უმალავ და კარგს - მით უმეტეს. როდესაც პაციენტი ამჩნევს რომ მას რაღაც დაუმალეს, ან ბოლომდე არ უთხრეს სიმართლე, შემდეგ რაც არ უნდა კარგი უთხრა, ის ფიქრობს, რომ შეიძლება არც ეს იყოს სიმართლე. ნდობა არ მოდის ტყუილებით და ნახევარი სიმართლის თქმით.

ცხადია, პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ეს მხოლოდ მან და მისმა ექიმმა იცის. გადაწყვეტილება კი თავად პაციენტმა უნდა მიიღოს თავისი მინუსების და პლუსების გათვალისწინებით. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება.

გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ ოჯახის წევრებმა. ჩემს ნაცვლად, ჩემს ჯანმრთელობაზე გადაწყვეტილება ჩემმა მეუღლემ, ან ჩემმა ორმა გოგონამ რომ მიიღოს, მათ მთელი ცხოვრება ეს ტვირთად ექნებათ. მაგრამ ნახეთ, ინფორმაციის მიწოდებასაც თავისი წესები აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში - ეს გახლავთ ადამიანური მიდგომა.

ალბათ, ვერც კი დავთვლით, რამდენი ოპერაცია გაქვთ ჩატარებული, ყველა პაციენტს ასე ცნობთ, ვისთვისაც კი ოპერაცია გაგიკეთებიათ?

აი, თქვენ, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდით. დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ, გამიღიმეთ და მითხარით, ეგ ყველაფერი გასაგებია, ახლა მითხარით, ამ ცუდ ამბავში კარგი რა ვიპოვოთო....

ყველა პაციენტს ვცნობ, შეიძლება 30 წლის შემდეგ შემხვდეს და მაინც ვიცნობ, იმიტომ, რომ ის დღეები, მათ ტკივილს და პრობლემებს მათთან ერთად გავდივარ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან...

მე ძალიან კარგად ვიცნობ თქვენს ბიოგრაფიას და გამოცდილებას.  დღეს, როდესაც თითქოს ძალიან გამარტივდა მკერდის სიმსივნის მართვა, მაინც რჩება ძალიან სერიოზული გამოწვევები ამ მიმართულებით. რა არის  ყველაზე დიდი გამოწვევა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

22 წლამდე, მკერდის სიმსივნე ძირითადად გვხვდება ქალებში, მაგრამ 22 წლის შემდეგ, მამაკაცებშიც ძალიან გახშირდა.  აქედან 5-8%  არის გენეტიკური მუტაციებიდან გამოწვეული. როდესაც ეს დგინდება, მას განსაკუთრებული მიდგომით და მკურნალობის მეთოდით მივყვებით. არის დამცავი ოპერაციებიც კი, რადგან გენეტიკური მუტაცია საკმაოდ პრობლემატურია.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას, რაც თავიდან აგვაცილებს სიმსივნის წარმოშობას, კვლევები ვერ გვთავაზობს.

დღეისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია, სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მისი კონტროლი. სიმსივნე უნდა  გადავიყვანოთ ქრონიკულ დაავადებაში და ამის გაკეთება ძალიან მარტივია, როდესაც მას აღმოვაჩენთ ადრეულ ეტაპზე. ამიტომ, 30-35 წლის ასაკში აუცილებელია კონსულტაცია მამოლოგთან და თუ პრობლემები არ იქნება, 40 წლის ასაკიდან წლიური კონტროლი მამოგრაფიით და ექოსკოპიით.

ეს არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი მკერდის სიმსივნის თავიდან ასაცილებლად და მის სამართავადაც. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება არის პლუს ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

ბავშვებში რამდენად გვხვდება მკერდის სიმსივნე და როდიდან არის საჭირო მათი მიყვანა გამოკვლევებზე?

არა, თუ ოჯახში ვინმე გენეტიკურად არ არის დატვირთული ამ დაავადებით, მაშინ არ არის საჭირო მკერდის კონტროლი ახალგაზრდა ასაკში. 

13-14 წლის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია HPV ვირუსუს აცრის გაკეთება. (HPV არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (STI) (CDC).

გენიტალური HPV ინფექციის ზოგიერთმა შემთხვევამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, HPV-ის ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების განვითარება და საშვილოსნოს ყელის, ანუსის და ყელის კიბოც კი, მაგრამ არსებობს ვაქცინები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება.)

ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციას. გარდატეხის პერიოდში, სანამ გოგოს სქესობრივი ცხოვრება დაეწყება, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ აცრის გაკეთება ორჯერ. ეს აცრა ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებას.

რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სიმსივნის გავრცელების ერთ-ერთი წყარო სტრესი და ნერვიულობაა?

რაიმე მეცნიერული კვლევებით არ არის დადგენილი, რომ ონკოლოგიური დაავადება სტრესიდან ჩნდება, მაგრამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, რასაც მოჰყვება ქიმიური ან სხივური თერაპია, მკურნალობის კურსი, ამ პერიოდში მიღებული სტრესი მკურნალობის შედეგზე, ცხადია, მოქმედებს. ნერვიულობა ჩვენს იმუნურ სისტემას ანგრევს და შედეგზე ახდენს გავლენას. პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მკერდის ინპლანტებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს? არის თუ არა სახიფათო მისი გაკეთება და იწვევს თუ არა რაიმე პრობლემებს სიმსივნის თვალსაზრისით?

ის, რომ ინპლანტი ხელს უწყობს სიმსივნური  პროცესის წარმოქმნას, არის ცრუ ინფორმაცია. ერთადერთხელ, 20 წლის წინ მოხდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში გამოშვებული ინპლანტის ჩასმის შემდეგ, რომელიც უფრო ცხოველური შემადგენლობის იყო, მოხდა სიმსივნური პროცესის წარმოქმნა. მაგრამ ესეც არ იქნა დადასტურებული უტყუარი სიზუსტით.

მკერდის მოკვეთის შემდეგ პლასტიკური ოპერაცია როდის შეიძლება გაკეთდეს და რამდენად რთული პროცესია ეს?

10 წელია უკვე გადასულები ვართ ხელოვნურ პროთეზებზე, რაც ქირურგებისთვისაც შედარებით ადვილია და პაციენტებისთვისაც. არის სიტუაცია, როდესაც ოპერაციის მსვლელობის დროს შეიძლება გაკეთდეს ეს პროთეზი, მაგრამ ზოგჯერ პაციენტს არ სურს ყველაფრის ერთად გაკეთება და ურჩევნია, ყველა სახის მკურნალობამ ჩაიაროს და მერე გაკეთდეს პლასტიკური ქირურგია.

მთავარი მიზანი არის პაციენტს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და თავად გადაწყვიტოს რა და როგორ ურჩევნია. თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინება. ზოგჯერ საჭირო ხდება არა მხოლოდ მკერდის მოკვეთა, არამედ საკვერცხეების ამოღებაც.

 ხშირად ამბობენ, რომ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამბობენ იმასაც, რომ რაც უფრო მედგრად ხვდები ამ დაავადებას, მით ნაკლებად გერევა ის. ეს მართალია თუ უბრალოდ, ადამიანების გასამხნევებლადაა მოგონილი?

მე ვფიქრობ, რომ ეს მთლად სიმართლე არ უნდა იყოს... პაციენტები, რომლებიც თავს იჭერენ თავიდან და არ იმჩნევენ ამ ამბავს, მერე უფრო ტყდებიან ხოლმე. ემოციების დაფარვა არ არის საჭირო. სჯობს, მიიღო ეს რეალობა და დაიწყო მოქმედება მის შესაცვლელად.

პირველი დიაგნოზის გამოცხადება რთულია ჩემთვისაც, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც მეტასტაზები იჩენს თავს ან ხდება დაავადების თავიდან წარმოქმნა, რეციდივი... მკურნალობის შემდეგ ამის აღმოჩენა ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ამის სათქმელად საგანგებოდ ვემზადები ხოლმე.

სტატისტიკურად, უფრო რომელ სტადიაში ხდება დაავადების უკან მიბრუნება?

უფრო მაღალ სტადიებზე ხდება, მაგრამ მკერდის სიმსივნის დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სტადია, არამედ მისი ბიოლოგიური ხასიათი.

ყველაზე დაბალ სტადიაში არსებობს ასეთი „ტრიპლ ნეგატივი“, რომელიც ძალიან ცუდ ფორმად ითვლება. მე რომ მკითხოთ, 3-4 სანტიმეტრიანი სიმსივნის მართვა უფრო მარტივია თუ ტრიპლის, გიპასუხებთ, რომ 3-4 სანტიმეტრიანის.

 არასდროს დამავიწყდება თქვენი სიტყვები ოპერაციის შემდეგ, როდესაც თვალი გავახილე და მითხარით: მე ვფიქრობ, რომ ეს სიმსივნე თქვენ უკან აღარ დაგიბრუნდებათ...

ძალიან დიდი მადლობა, ეს სიტყვები უკან რომ დამიბრუნეთ და შემახსენეთ რაც გითხარით. თქვენ რომ მანამდე ჩემი ნდობა არ გქონოდათ, არც ამ სიტყვებს დაიჯერებდით ჩემსას.

ძალიან ბევრი ქართველი მკურნალობს „ანადოლუში“, ყოველდღიურად ვხვდები მათ აქ. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ხმაურიანი და ემოციური ხალხი ვართ, გენეტიკა გვაქვს ასეთი, ძალიან ხომ არ წუხდებით ქართველ პაციენტებთან ურთიერთობისას?

წარმომავლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არასდროსაა, მაგრამ თვითონ პაციენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. არის ჩვენთან ასეთი პროვინცია, თუნჯელი, რომელზედაც ამბობენ, რომ იქიდან ცუდი ადამიანი არ წამოვაო. იმასაც ამბობენ, ვისაც ფოლკლორი უყვარს, ის ცუდი ადამიანი არ იქნებაო. ასე ვფიქრობ ქართველებზეც.

ჩვენს საერთაშორისო განყოფილებაში, ანუ უცხოელ პაციენტებს ვგულისხმობ, ნეტა ყველა ქართველი პაციენტისთანა იყოს. ძალიან ბევრი საერთო მაქვს ქართველ ხალხთან და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. მეც ხმაურიანი და ემოციური ვარ, ქართველებივით ხმამაღლა ვლაპარაკობ.

ადამიანი როგორიც შინაგანადაა, გარედანაც იმავეს გადმოსცემს. ყველა პაციენტი უმნიშვნელოვანესია და მათთან ურთიერთობა ხანგრძლივი პროცესია.

არ არის ეს ამბავი სულ ია-ვარდებით მოფენილი. როდესაც პაციენტს კარგ ამბავს ეუბნები, მისთვის ღმერთი ხარ, მაგრამ როდესაც, ჩემდა სამწუხაროდ, მისთვის ვერ მაქვს კარგი ამბავი, შენი დანახვაც არ სურთ ზოგჯერ და ესეც გასაგებია...

და კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ქართველ პაციენტებს, არ შეიძლება ცუდი იყოს ადამიანი, რომელიც თავის რწმენას და რელიგიას  ისეთ პატივს სცემს, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ.