გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 20 000 ლარზე მეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი, 2024 წლის განმავლობაში კი, 16 ფაქტი.