საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის (WB) ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ჩარლზ კორმიერს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები: ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება, კახეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის ბადიაური - ჩალაუბანის, ჩალაუბანი-ბაკურციხეს, გურჯაანი (ჩუმლაყი) - თელავის მონაკვეთების, საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო წყალარინებისა და სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს განვითარების პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის შედეგები.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისა და საქართველოს მდგრად განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა და განაგრძონ საერთო პროექტების ეფექტიანი განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.