საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და დევნის დაწყების მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.

საგამოძიებო ორგანო პარლამენტისთვის გაგზავნილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, სსკ-ის 260-ე მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა 109%-ით გაიზარდა და 6 122 პირი შეადგინა.

„სახელმწიფოთა შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების მზარდი სტატისტიკის პარალელურად, იზრდება საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რისკებიც. შესაბამისად, 2025 წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საზღვარზე მიგრირებად ვიზიტორებსა და იმპორტირებულ ტვირთებს.

ნარკოტიკული და სხვა აკრძალული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის საპრევენციოდ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენისა და რეაგირების წინა წლის მაჩვენებელი, მათ შორის, გამოვლინდა ნარკოტრაფიკში ჩართული უფრო მეტი უცხოელი.

აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულებზე 2025 წლის სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი აღემატება წინა 5 წლის ანალოგიურ მონაცემებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებულ და შედეგიან პოლიტიკას.

კერძოდ, სსკ-ის 262-263-ე მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 138 პირის მიმართ (აქედან, 98 უცხო ქვეყნის მოქალაქეა),
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 102 პირს (აქედან, 58 უცხო ქვეყნის მოქალაქე).

2025 წელს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 546 ნარკორეალიზატორის მიმართ, რაც წინა 5 წლის მონაცემებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 348 პირის მიმართ, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020-2024 წლებთან შედარებით. ნარკორეალიზატორთა მიმართ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო პატიმრობა“, – ნათქვამია ანგარიშში.