2025 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენი გამოტანილი იყო 20 922 პირის მიმართ, რაც 2020-2024 წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 20 922 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენიდან 86,5 % დასრულდა საპროცესო შეთანხმებით.

უწყებას მიაჩნია, რომ ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ 2025 წელსაც შენარჩუნდა საპროცესო შეთანხმების გამოყენების მზარდი დინამიკა და წინა ხუთ წელთან შედარებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

„წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც შენარჩუნდა გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2025 წელს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე გაფორმდა საანგარიშო პერიოდში სულ გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების 65,8%. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეთანხმების სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე  გაფორმება ხელს უწყობს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებასა და ამავდროულად, ზოგავს როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. რესურსების მსგავსი ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს პროკურორებს, მოახდინონ კონცენტრირება რთულ და კომპლექსურ საქმეებზე, რაც პირდაპირ აისახება სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების აღსრულების ეფექტიანობაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.