თბილისის ზღვის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე - ბეტონის საფარი, ხოლო 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზების გასწვრივ მოეწყო ბორდიურები და სანიაღვრე კიუვეტი, რომელიც ცხაურებით დაიხურა.

პროექტის განხორციელებით, აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

,,ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიცვათ, როგორც მეორეხარისხოვანი ქუჩები, ასევე კორპუსებთან მიმდებარე ტერიტორიები, იქ სადაც მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ხელს არ გვიშლის“- განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

თბილისის ზღვის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 730 ათასი ლარი გამოიყო.