აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ფორუმები ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდა სპეციალისტების განვითარებასა და სპორტის სფეროს გაძლიერებას. მისივე თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
„ეს კონფერენცია სპორტული მედიცინის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების, ექიმების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და მწვრთნელების პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას. აჭარაში სულ უფრო ხშირად იმართება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები და მნიშვნელოვანია, გვყავდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რათა რეგიონი დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძელ პლატფორმად ჩამოყალიბდეს. აჭარის მთავრობა მაქსიმალურად ჩართულია, რომ ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და რეგიონმა ბევრ საერთაშორისო ღონისძიებას წარმატებით უმასპინძლოს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
კონფერენციის ფარგლებში გამოფენილია სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური სარეაბილიტაციო სისტემები.
სამეცნიერო კონფერენცია აჭარიდან 80-ზე მეტი მწვრთნელის და სპეციალისტის, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 60-ზე მეტი სტუდენტის და აკადემიური პერსონალის პრაქტიკულ სწავლებას და გადამზადებას უზრუნველყოფს.
ბათუმი საერთაშორისო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები, ოლიმპიური ნაკრებების ექიმები, მეცნიერები და სპორტული მედიცინის სფეროს სპეციალისტები.












