მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება შესრულდება.
ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და ყოველწლიურად, 17 დეკემბერს აღინიშნება.
დღესასწაული დაკავშირებულია ფინიკიელი მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს ქალიშვილის, ბარბარეს სახელთან, რომელიც ქრისტიანობისათვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.ის საკუთარმა მამამ გამოასალმა სიცოცხლეს.
VI საუკუნეში დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი XII საუკუნეში კიევში გადააბრძანეს და დღესდღეობით წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული. მოწამის სხეულის წმინდა ნაწილი საქართველოშიც იმყოფება, ის საპატრიარქოშია დაბრძანებული ხატთან ერთად.
წმინდა ბარბარე საქართველოში ძირითადად ბავშვებისა და ავადმყოფების შემწედ მიიჩნევა.
ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში კი ძველად მიაჩნდათ, რომ ის ცეცხლისა და ქარიშხლებისაგან დამცავი წმინდანი იყო.
წარმოდგენა განსხვავებული ჰქონდათ ძველ ქართველებსაც.
მათ მიაჩნდათ, რომ წმინდა ბარბარე ქალების, დედალი საქონლის და ბუნების ნაყოფიერების მფარველი იყო.ძველ ქართულ კალენდარში წმინდა ბარბარეს დღესასწაულის თვე, ანუ დეკემბერი წლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.სამეგრელოში თვლიდნენ, რომ დღე ბარბარობის დღესასწაულზე იწყებდა ზრდას.
ხალხში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანები უნდა გამოცხვეს, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვება.ხალხურ ტრადიციას დღესასწაულის მართლმადიდებლურ აღნიშვნასთან არაფერი აქვს საერთო, ისევე, როგორც ამ დღეს გავრცელებულ “მეკვლეობასთან" და ბედობასთან.ეს მხოლოდ ცრურწმენაა.