რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება აქციის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა.

უცნობი პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, ისინი დაკავებულნი არიან.

ამასთან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სწორედ აღნიშნული პირები ფიგურირებდნენ მანამდე მეტროში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში.