შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ო.ქ. და 2000 წელს დაბადებული ს.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში.




