საქართველოს პროკურატურამ გასულ წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა 25 086 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 588 არასრულწლოვანია. პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროკურორმა 23 582 პირის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდება მოითხოვა, საიდანაც 35,1 პროცენტი საპატიმროა და 64,9 არასაპატიმრო.

უწყების განმარტებით, სისხლისამართლებრივი დევნა ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებზე იყო შემდეგი – თაღლითობა 655 ფაქტი, ქურდობა 3733, ნარკოტიკული დანაშაული 6122, ოჯახური დანაშაული 4585, მუქარა 2477.

პროკურატურის ცნობით, 3 404 პირი განრიდდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მათ შორის 581 არასრულწლოვანი. გამამტყუნებელი განაჩენი კი გამოტანილი იყო 20 922 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 86,5 პროცენტთან.

უწყების ინფორმაციით, 17 209 პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 4952 პირს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ გაეწია დახმარება.

პროკურატურა ანგარიშში საუბრობს იმაზეც, რამდენ ადამიანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. მათი ცნობით, 18 089 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ზიანის ანაზღაურება კი, 138 მილიონ ლარზე მეტის მოხდა დაზარალებულებისთვის.

საგამოძიებო უწყების ანგარიშში საუბარია ჩამორთმეულ ქონებაზეც. ნათქვამია, რომ 91 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ქონება ჩამორთმეულია სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე.

ზემოთ აღნიშნულია გარდა, ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პროკურატურამ 1829 შუამდგომლობა მიიღო უცხო ქვეყნებიდან სამართლებრივი დახმარების თხოვნით, ხოლო 128 282 დოკუმენტი დარეგისტრირდა საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში და 18 346 წერილი გაიგზავნა მატერიალურად.