2025 წელს, ბოლო ხუთ წელთან შედარებით, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში წლების მიხედვით კონკრეტული სტატისტიკაა მოყვანილი და ნათქვამია, რომ 2025 წელს 25 086 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 2020 წელს კი, ეს მაჩვენებელი 15 625 იყო.
პროკურატურის განმარტებით, გასულ წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად დაიწყო შემდეგ დანაშაულებზე – 260-ე (ნარკოტიკური დანაშაული), 177-ე (ქურდობა) და 151-ე (მუქარა). უწყებას დევნადაწყებული პირების რაოდენობა მოცემული აქვს რეგიონულ ჭრილშიც. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი – 8 364 დანაშაული თბილისში იყო.
პროკურატურის განმარტებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა, რის გამოც ამ დანაშაულზე დაწყებულმა დევნის მონაცემებმა საერთო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
„წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად სტაბილურად რჩება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული და ოჯახში ძალადობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
















