გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტს პროკურატურის მიერ გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 209-გვერდიანია და გენერალური პროკურორის მისასალმებელი სიტყვით იწყება.
ანგარიშის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2025 წელს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგების მიუხედავად, პროკურატურა აგრძელებს მკაცრ და თანმიმდევრულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და მისი ხელშემწყობი პრევენციული ნაბიჯების გადადგმას.
„შეურიგებელი ვიქნებით ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, როგორც გამოძიების, ისე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას, რადგან კორუფცია ასუსტებს სახელმწიფოს და აზიანებს კანონიერებისა და სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია საგამოძიებო ორგანოს პრიორიტეტებზე. ნათქვამია, რომ პრიორიტეტად რჩება ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარება როგორიცაა – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ნარკოტიკული, დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ცალკეული ეკონომიკური დანაშაულები.
„ჩვენთვის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მთავარ პრიორიტეტად რჩება დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ასევე, საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლება. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს საპროცესო შეთანხმებისა და დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. პროკურატურა ინსტიტუციურ გაძლიერებას გააგრძელებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაზე, პროფესიონალიზმის ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. არსებული გამოწვევების მიუხედავად, მჯერა, სწორი და თანმიმდევრული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებით, კოორდინირებული თანამშრომლობითა და პროკურატურის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით, შევძლებთ დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულებას“, – აღნიშნავს ანგარიშში გიორგი გვარაკიძე.













