საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ბათუმში №18 საბავშვო ბაღის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი არსებული შენობის გამაგრება-გაძლიერებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მის სრულ განახლებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში განახლდება საბავშვო ბაღის შიდა და გარე სივრცეები, საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულო.
ასევე კეთილმოეწყობა ბაღის მიმდებარე ტერიტორია, შეიქმნება დასასვენებელი სივრცეები და თანამედროვე სათამაშო მოედანი შესაბამისი ინვენტარით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ №18 საბავშვო ბაღის 250 აღსაზრდელს უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო ექნება.











