დღეს, სოფელ ხიხაძირში სახალხო დღესასწაული “ტბელობა” გაიმართა, სადაც ღონისძიების მონაწილეები ტბელ აბუსერისძის სახელობის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, შემდეგ კი საზეიმო კონცერტს დაესწრნენ 

,,ტბელობის" საზეიმო ნაწილი ხიხაძირის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ნაქსოვები და ნაქარგები 

ღონისძიების ფარგლებში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია გადაეცათ:  იზოლდა სურმანიძეს - სამოქალაქო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის  მიხეილ სურმანიძეს - ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის  გულადი ჯაიანს - ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებული საქველმოქმედო საქმიანობისთვის

 სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტით დასრულდა.

 ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაული ტბელობა“ 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან. ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება.

პირველი დღესასწაული 1979 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული. მას შემდეგ ტბელობის ჩატარება დაუკავშირდა მისი ხსენების დღეს.