ჩვენ წელს ველოდებით, რომ 35 მლნ-დან შემოსავალი 350 მლნ-მდე გაიზრდება. რთვლის შედეგად შემოსავალი კახეთში მევენახეებს 350 მლნ ლარამდე ექნებათ, - განაცხადა „ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კახეთში მიმდინარე რთვლის პროცესზე საუბრისას.
„ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წლიდან. ვეხმარებით როგორც მევენახეებს, ასევე მეღვინეებს იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს. ძალიან აქტიურად ვართ ყოველწლიურად ჩართული რთვლის პროცესში. ვახორციელებთ სუბსიდირებას სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე, სადაც ამის აუცილებლობას ვხედავთ. ვეხმარებით მეღვინეებს მათი საწარმოების გადაიარაღებაში, ახალი საწარმოების შექმნაში, მარნების მოწყობაში.
სწორედ ამის დასტურია, რომ დღეს 3 ათასზე მეტი მცირეს, საშუალო თუ მსხვილი საწარმო, მარანია ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს ღვინოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 500-ზე მეტი მათგანი ღვინის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
გვაქვს მარკეტინგული ღონისძიებების მხარდაჭერის პროექტებიც - ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად მსოფლიო ბაზარზე, რისთვისაც უკვე წლების განმავლობაში 100 მლნ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული და მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კომპანიებთან ერთად.
ამის შედეგია ის მაჩვენებლები, კონკრეტული რიცხვები, ძალიან ხელშესახები შედეგები, რაზეც გუშინ პრემიერმაც ისაუბრა და ჩვენ გვაქვს მევენახეების შემოსავლების დაახლოებით, 10-ჯერ ზრდა. ჩვენ წელს ველოდებით, რომ 35 მლნ-დან შემოსავალი 350 მლნ-მდე გაიზრდება. რთვლის შედეგად შემოსავალი კახეთში მევენახეებს 350 მლნ ლარამდე ექნებათ.
იზრდება ექსპორტიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გასულ წელს ჩვენ ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა - 260 მლნ დოლარის ფარგლებში და წელს, პირველ 8 თვეში, უკვე ღვინის ექსპორტი 200 მლნ-ია და ჯამურად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან, წელს პირველად, 0,5 მლრდ დოლარის შემოსავალს ველოდებით“, - განაცხადა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს.