9 წლიანი ძებნის შემდეგ, ხარძიანის მკვლელი ქართულ ციხეშია. ექსტრადიცია თურქეთიდან გუშინ განხორციელდა. ბიზნესმენის დაკვეთილი მკვლელობის შესრულებისთვის ფარიდ გურბანოვი 2015 წლიდან იძებნებოდა.

ხარძიანის მკვლელის დაკავების შესახებ ინფორმაცია "კურიერისთვის" რამდენიმე კვირის წინ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია კუს ტბის წილებია, რომელიც ხარძიანს 2011 წელს ციხეში დაათმობინეს. ეს არის ყველაზე რეალური ვერსია მოკლულის ოჯახის წევრებისთვისაც - "კურიერი" ბესიკ ხარძიანის შვილს, ქეთა ხარძიანს გაესაუბრა.

"მკვლელის დაკავებით უდიდესი იმედი გაჩნდა იმის, რომ მკვლელობის დამკვეთები იქნებიან დასჯილები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმისთვის, რომ სამართლიანობა რა ნაწილშიც შეიძლება რომ აღდგეს - მკვლელობის შემკვეთებმა აგონ პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის, გაჩნდა უდიდესი იმედი, რომ დადგება. გამოძიების დასადგენია ვინ იყვნენ შემკვეთები, თუმცა 9 წლიანი ეჭვი და მოტივი არ შეცვლილა - ისევ ქურასბედიანი და უდესიანი არიან მთავარი ეჭვმიტანილები ოჯახისთვის, რადგან კუს ტბის მეწილეების გარდა, მამაჩემს სხვა მტერი არ ჰყოლია," - აცხადებს ქეთა ხარძიანი

გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი კილერი უკრაინიდან საქართველოში ყალბი პასპორტით ჩამოფრინდა, მასთან ერთად იმყოფებოდა რუსი თანამზრახველიც. მან ხარძიანი მისივე სახლთან მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ორივე დამნაშავემ ქვეყანა სარფის გავლით დატოვა.