საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს საგაზაფხულო სესიის ბოლოს მოისმენს. დოკუმენტი უკვე შესულია საკანონმდებლო ორგანოში, რომლის მოზრდილი ნაწილი ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას. "გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაცია, ასევე პაციენტთა გართულებული გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე, კვლავ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფო პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. 2023 წლის განმავლობაში, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1552 პაციენტი დაფინანსდა, მათგან, 1257 პირი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 295 - ოკუპირებული ცხინვალიდან. რაც შეეხება, c ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას (დიაგნოსტიკა, მკურნალობა), 2023 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნეიტრალური დოკუმენტის მქონე 13-მა პირმა ისარგებლა” - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში. “აიპრესი” რამდენიმე განმარტების მიზნით, სახალო დამცველს, ლევან იოსელიანს ესაუბრა.
- სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა კრიტიკუად პრობლემატურად გამოიყურება. მას შემდეგ რაც უშუალოდ ადგილებზე შეისწავლეთ მდგომარეობა როგორი დაგხვდათ ის რეალურად?
- იმ დღიდან, რაც სახლხო დამცველად ამირჩიეს, ჩემი პრიორიტეტი არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარობა. მიმაჩნია, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ოკუპაციის პირობებში ძალიან რთულია რაიმე უფლებეზე საუბარი, როცა ადამიანებს გარანტია არა აქვთ, სახლიდან გამოსულები მეორე დღეს შევლენ თუ არა საკუთარ საცხოვრებელში. საუბარია 80-მდე სოფელზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს. 2023 წელს დაახლოებით 35 მდე სოფელში მქონდა შეხვედრა, ყოველთვე ჩავდიოდი, ვოკვლევდი იქ არსებულ მდგომარეობას, სადაც უსაფრთხოების საკითხი არის ნომერ პირველი და ამას ადასტურებს ის ფაქტები, რაც მოხშირებულია- ჩვენი მოქალაქეების გატაცების, უკანონო დაპატიმრების, მათ შორის ბოლო ტრაგიკული შემთხვევა, როცა თამაზ გინტური მოკლეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი აისახა ჩვენს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა 31 მარტს და რომლის წარდგენასაც სავარაუდოდ, ივნისში ან ივლისში შევძლებ პარლამენტის წინაშე.
- როგორც წესი, სახალხო დამცველის ანგარიში რეკომენდაციული სახისაა. რა რეკომენდაციებს გასცემთ ამჯერად, რაც შეიძლება პრაქტიკული შედეგის მომტანი იყოს?
- ჩვენი რეკომენდაციები შემოიფარგლება იმ აუცილებელ პროგრამებზე, საჭიროებების ხელმისაწვდომობის გაძლიერებით, რაც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჯანდაცვის პროგრამები, სოციალური პროგრამები, რაც ამ ხალხს მისცემს განცდას და წინაპირობას გაუჩენს საიმისოდ, რომ არ მიატოვონ სახლები, სადაც ცხოვრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ სოფლებში შევინარჩუნოთ. ამ სოფლებში ახალგაზრდებს ნაკლებად ნახავთ. იქ არიან უფრო ხანში შესულები. შემოვლილი მაქვს და ვიცი რა მდგომარეობაა, თუ ეს სოფლები დაიცლება, ადგილები დარჩება აუთვისებელი და სადაც არ ვიქნებით ჩვენ, იქ იქნებიან სხვები და ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილისმყოფელები არ იქნებიან. იმისთვის, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, ახალგაზრდები გამაგრდნენ, აუცილებელია იქ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სტრუქტურები აშენდეს და გაჩნდეს ისეთი სივრცეები, სადაც მათ არ ექნებათ აუცილებლობა, რომ მიატოვონ თავიანთი სახლები და წამოვიდნენ.
- რა სივრცეებს გულისხმობთ ისეთს, რომლის ინტერესითაც შრომისუნარიანი მოქალაქეები სოფელს არ მიატოვებენ?
- მაგალითად, კულტურის სახლები, სპორტული მოედნები, სპეცდაწესებულებები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იქაური მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და უკვე წამოსულების დაბრუნებას. თუ იქნება მიმზიდველი ინფრასტრუქტურა, ადამიანებს ურჩევნიათ, საკუთარ სახლში იყვნენ, ვიდრე გორში ნაქირავებში, ან თბილისში. დასაქმებისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრამების არსებობა. ეს არის ზოგადად, რასაც ჩემი რეკომენდაციები შეეხება. ცალკე ჯგუფად გვყავს გამოყოფილი ქალები. ქალებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული სერვისები. მათთვის უცნობია სკრინინგის უფასო პროგრამა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრ სოფელში მათ ინფორმაცია არა აქვთ. ბევრგან არ არის ამბულატორია, ბევრგან ვერ ნახავთ აფთიაქს, მაღაზიასაც კი და მათ უწევთ დიდი მანძილის გავლა, რომ ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ. კომპენსაციები, რომელიც ადამიანებს გადაეცათ, რომლის ნაწილითაც მათი სახლები შენდება, რემონტდება. ამ კომპენსაციების გადაცემის პროცესშიც ვართ ჩართული, რომ იყოს ის გამჭვირვალე, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს განაცხდა, რომ დარჩა ამ კომპენსაციის მიღმა. აქაც თანაბარი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა და ამ პროცესშიც აქტიურად ვმონაწილეობთ.
- საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი ყველზე მტკივნეული პრობლემაა, რომელიც უშუალოდ ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს. არის თუ არა, ამ პრობლემის მოგვარება რეალური?
- ეს არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც რთულია წინ აღუდგე იმ პირობებში, როდესაც ოკუპანტი მოდის და პრაქტიკულად ნადირობენ ჩვენს მოქალაქეებზე, ძაღლების მეშვეობით იჭერენ, გადაჰყავთ. გაძლიერება არის საჭირო იმ ინფრასტრუქტურით, რომლითაც ხდება საოკუპაციო ხაზის კონტროლი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ნასაუბრები, მათაც ესმით ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობა. შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები თუ დამატებითი ჯგუფები, რომლებიც დაიცავენ ამ სოფლებს. ყველა შემთხვევაში ეს არის ის საკითხები, რომლებზეც კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ. უსაფრთხოების ნაწილზე ჩვენ ვერ ვიქნებით ის ორგანო, რომელიც ამ კომპეტენციაში რაიმე რეკომენდაციებს გასცემს. ეს არის სპეციალური სამსახურების შესამუშავებელი და განსახორციელებელი გეგმა.
- საქართველოს მოქალაქეების ოკუპირებული ტერიტორიაზე გადაყვანის შემდგომ პროცესებზე რა შეგიძლიათ თქვათ. რამდენად ახერხებთ მათთან კომუნიკაციას მას შემდეგ, რაც ისინი საოკუპაციო ხაზს იქით ხვდებიან?
- ძირითადად რუსი სამხედროების მიერ ხდება ჩვენი მოქალაქეების დაკავება. მერე ისინი გადაყავთ თავიანთ სამხედრო ბაზაზე. სამხედრო ბაზიდან ხდება ცხინვალში ე.წ. მათ უშიშროებაში, პოლიციაში დაკითხვა და მერე უკვე სასამართლოს მიერ გამოდის გადაწყვეტილება მათი პატიმრობის, დაჯარიმების, ან სხვა სასჯელის შესახებ. ეს არის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს. ამის შემდეგ ადამიანებს უწევთ ფულის გადახდა, ფაქტიურად ეს არის გამოსასყიდი.
- რამდენს შეადგენს გამოსასყიდი თანხა?
- სხვადასხვა დროს ეს იყო სხვადასხვა თანხა. დაახლოებით 200- 500 დოლარის ექვივალენტი რუბლი.
- აფხაზეთის ტერიტორიაზე რა ხდება ამ კუთხით?
- ამ მომენტისთვის, აფხაზეთში სამი საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს. მათ შორის არის ირაკლი ბებუა, რომელზეც ჩვენ არაფორმალურად ვცდილობთ ხოლმე მივიღოთ ინფორმაცია, რადგან ფორმალურად ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს. წითელი ჯვარი ახდენს მონიტორინგს და ასე თუ ისე, გვაქვს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ. მე შევხვდი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებსაც და ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული ყველა ინფორმაცია გავუზიაროთ ოჯახს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულებული იყო, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ახლა ისევ საპყრობილეშია, ამ ეტაპზე რამდენადაც ცნობილია, მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
- არსებობს თუ არა მისი ციხიდან გათავისუფლების პერსპექტივა?
- მას ცხრა წელი აქვს მისჯილი და ჯერჯერობით, წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის, რაც მოგვცემდა იმედს, რომ მას უახლეს მომავალში გაათავისუფლებენ. იმის მიუხედავად, რომ ამაზე ლაპარაკი სულ არის და მუშაობაც მიდის, ჯერჯერობით, რაღაც ხელშესახები პროგრესი არ არის. მეორე მოქალაქეს მისჯილი აქვს ჯაშუშობისთვის და მესამე - ნარკოტიკულ დანაშაულზე.
- ამ ეტაპზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის გაკონტროლებაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია?
- მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაიკეტოს საბერიო - ფახულანის გადასასვლელი. ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით ორი გადასასვლელია - ერთი არის ენგურის ხიდი და მეორე - საბერიო ფახულანის, რომელსაც პერიოდულად კეტავენ ხოლმე. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა აქვთ რომ დღესასწაულებზე კეტავენ ამ გადასასვლელს და ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ გალსა და ტყვარჩელში, ეზღუდებათ საქართველოს კონტროლირებად გადმოსვლა. სპეციალური ნებართვით ახერხებენ მოძრაობას, რამდენჯერმე შევხვდით და ვესაუბრეთ ამ ადამიანებს. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პრაქტიკულად აბსოლუტურად მოწყვლადები არიან საოკუპაციო რეჟიმის მიერ. 30 ათასამდე ქართველი ძირითადად გალის მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად გადმოდის, ვაჭრობს და უკან ბრუნდება.