ქეთუშას ჟღალთმიანი გოგოები ყველაზე დახვეწილები და რაფინირებულები არიან მთელს მსოფლიოში. ისევე, როგორც ქეთუშას ყველაზე მოხდენილი მახარობლები, რომლებიც ჩვენი ბავშვობის ზღაპრული სამყაროდან რეალობაში მოგვევლინენ და ჩვენს სახლებში დაიდეს ბინა...
ქეთუშა არჩვაზე კი ყველაზე კეთილი გოგოა, ვისაც ამ მძიმე და უჟმურ სამყაროში შევხვედრივარ ამ ბოლო დროს. მისი სამყარო კი ზუსტად ისეთივე ზღაპრულია, როგორც ტილოზე გადმოსული პერსონაჟები.
მოკლედ, ჩვენი რუბრიკის „ამბები ადამიანებზე“ სტუმარი გახლავთ ცნობილი, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი ქეთუშა არჩვაძე.
ქეთუშა, სულ მგონია, რომ როგორც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაინც ბავშვობიდან მოვდივართ. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იღებს სათავეს. შენი ნახატების მოხედვით, ზღაპრული გმირების, ზღაპრული სახლების, ზღაპრული ჟღალი თმების, ზღაპრული პერსონაჟების, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ბავშვობიდან მოდის და შემდეგ შენ გააცოცხლე. ეს არის ჩემეული აღქმა, ახლა მინდა შენგან მოვისმინო როგორ იყო ეს ამბავი.
პატარა რომ ვიყავი არ მიყვარდა ბაღში და სკოლაში სიარული. ერთხელ ბაღიდან გამოვიპარე, კომუნისტების დროს ეს იყო რაღაც შოკი, როგორ შეძლო ბავშვმა გამოპარვა. არ მიყვარდა წესები. ჩემს ნებაზე უნდა მეკეთებინა ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი სამყარო მქონდა და ასე მეგონა, ხელს მიშლიდნენ თავიანთი წესებით. დედისერთა ვარ და მარტო ვიზრდებოდი, ბებია მზრდიდა, დედა სულ გასული იყო და ბაბუას მოსვლას დიდის ამბით ველოდი.
ჩემი სამყაროს შექმნაში დიდი როლი ბაბუამ ითამაშა, იმიტომ რომ ფანტაზიის უნარი მეტი მომცა. ჩემთვის ბაბუასგან აკრძალვები არ იყო, ბებიასთან კი სულ აკრძალვები მქონდა. შეძლებული ოჯახი გვქონდა და ღამე საქანელა რომ მომინდა, ახალგარემონტებულ სახლში ბაბუამ ჭერი გახვრიტა და საქანელა ჩამომიკიდა. ასეთ თავისუფალ გარემოში ვიზრდებოდი...
რა პროფესიის იყო ბაბუა?
სოფელში გაიზარდა, მერე ჯარში იყო, იომა, მერე თავისი ბუნებიდან გამომდინარე მეგობრები მხარში ამოუდგნენ და გახსნა პატარა რესტორანი, სადაც თვითონ მუშაობდა. შეეძლო არ ემუშავა, მაგრამ უყვარდა მუშაობა, ანუ შემოსავალიც კარგი ჰქონდა.
ხატვასთან ურთიერთობა შენი ბავშვობის ფანტაზიებიდან დაიწყო თუ გენეტიკაც გიწყობდა ხელს?
ცოტა ვიბნევი ამ საკითხში… სამი წლის ვიყავი დედაჩემი მამაჩემს რომ გაშორდა. მამისგან უფრო მახსოვს მუსიკალური ინსტრუმენტები და არა ხატვა. ზოგადად, მამაჩემია ხელოვანი და ამბობენ, რომ მამას ვგავარ, მაგრამ მეხსიერებაში ერთი ეპიზოდი ჩამებეჭდა. ბებიაჩემს ჰყავდა ვაკეში ერთ-ერთი დაქალი, რომელიც მხატვრის ცოლი იყო. ეს კაცი, როგორც მახსოვს, ჯარში დაიღუპა და მისი ოთახი ხელუხლებელი იყო. კარი რომ შეაღო, მოლბერტი მახსოვს და რაღაც პორტრეტი, ხელუხლებელი, როგორც დატოვა ისე იყო. მზის სხივმა რომ გაანათა ეს მტვრიანი პორტრეტი, რაღაცნაირად ჩამრჩა მეხსიერებაში. ზოგადად ბავშვობიდან ხელსაქმეები ძალიან მიყვარდა. ყველაფრისგან ყველაფერს ვაკეთებდი. სულ ვკერავდი, სულ ვხატავდი. საერთოდ მშვიდი ვჩანდი, თითქოს არც კონფლიქტური ვიყავი, ასე მზრდიდა ბებია, რომ არ შეიძლება ემოციების გამოხატვა, კულტურული აღზრდის მეთოდი ჰქონდა. ამიტომ, ვიცოდი, რომ არ უნდა გამომეხატა არც პროტესტი, არც არაფერი და ასე ვიზრდებოდი, მაგრამ შინაგანად მქონდა ეს პროტესტები და სადღაც ხომ უნდა გამომეხატა, აქედან გამომდინარე, ვიწყებდი, ჩემი სამყაროს შექმნას, ვიწყებდი ხატვას.
ანუ ქმნიდი ისეთ სამყაროს, რომელშიც შენ გინდოდა ცხოვრება და არა ისეთში, როგორშიც ცხოვრობდი.
უცნაურს მეძახდნენ. ვხატავდი ყოველთვის ღვთისმშობელს იებით, ანუ ჩემი წარმოსახვით. მიყვარდა შობის ხატვა, ამას ვიმეორებდი რაღაც პერიოდი, არ ვიცი რატომ. ძალიან მომწონდა დაბადების პროცესი, დედის პროცესი და ყველაფერს ვადარებდი მზეს. რომ გაწვიმდებოდა, გავდიოდი გარეთ, წვიმის წვეთებს ვესაუბრებოდი რაღაცეებს, მერე ეს ემოციები გადმომქონდა ქაღალდზე, ვიწყებდი ხატვას. სულ მესმოდა ქეთუშა კარგად ხატავს, სკოლაშიც რაღაც რომ უნდოდათ, ქეთო დაგვიხატავსო ამბობდნენ. ეს მომენტი იყო სულ და ბავშვობიდან მომყვება, რომ ქეთო კარგად ხატავს. არ მივლია ხატვის წრეებზე, მაგრამ რაღაც პერიოდი 12 წლის რომ ვიყავი, დედაჩემმა მითხრა სტუდენტებთან გატარებ გაკვეთილებზეო. იქ დავდიოდი რაღაც პერიოდი, მაგრამ როგორც კი რაღაც ჩარჩოებში ჩამსვეს, ცუდად გავხდი. რამდენიმე გაკვეთილი ვიარე და მერე შევეშვი. ვერ ავიტანე. მერჩივნა, რომ მეყურებია მათთვის, ან მემეგობრა, ვიდრე მეხატა ის, რასაც მეუბნებოდნენ. სასწაულად არ მიყვარს იმის გადმოხატვა, რასაც მიმითითებენ. მე მაქვს ჩემი გრძნობა, ემოცია და ამის გადმოცემა მერჩივნა ყოველთვის. რაღაც პერიოდი გავიდა, ცხოვრებისეული პრობლემები დაიწყო, ოჯახი და კარგა ხანი არ ვხატავდი, მაგრამ გადავედი ტუშის კალამზე და ამით დავიწყე ხატვა. ამის არც გაყიდვა მიფიქრია, არც ის მიფიქრია რომ ვიღაცას მოსწონებოდა, უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებდი. ერთი მხრივ იყო ძალიან საინტერესო და თუ ვინმეს ყიდვა მოუნდებოდა, ცოტა დაფიქრდებოდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა რა იყო ჩაფიქრებული, ცოტა ემძიმებოდათ, ცოტა სხვანაირ ნახატებს ვხატავდი, თუმცაღა შეეძლოთ სამი საათი ეყურებინათ ნახატებზე. თითქოს მნახველზე მანიპულაციას ახდენდა.
ვფიქრობდი, რადგან სამხატვრო სასწავლებელი არ დავამთავრე, ჩემი ნახატები არ იყო სრულყოფილი. არასდროს მქონია ამბიცია გამეყიდა ჩემი ნახატები. ვფიქრობდი, არც არავინ იყიდისო.
ამ საოცარი ნამუშევრების შემოქმედს, არანაირი პროფესიული განათლება არ გაქვს მიღებული?
არანაირი, ბავშვობაში თაბაშირის ხატვაზე ვიარე და მალევე გავანებე თავი. ვერ ავიტანე წესები.
შენი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ერთ მიმართულებაზე არ ჩერდები, მუდამ სხვადასხვა სტილზე გადადიხარ, შეიძლება ადამიანმა ისიც კი იფიქროს, რომ ეს არ არის ერთი და იგივე მხატვრის ნამუშევარიო. მხატვრული, ზღაპრული სამყაროდან, შეიძლება გადახვიდე გრაფიკაზე. ეს შენი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარეა, თუ ისევე როგორც ბავშვობაში, ახლაც არ შეგიძლია ერთი და იგივე რაღაც შექმნა?
როდესაც შეკვეთას მაძლევენ, თან თუ მაჩვენეს რომელიმე მხატვრის ნახატი, ან ფერი მიმითითეს, იქ მთავრდება ყველაფერი, მაგას ვეღარ ვხატავ. ანუ რაღაცნაირად არ მიყვარს სხვის საზღვრებში შესვლა და სხვისგან რაღაცის აღება. შეიძლება არაცნობიერად, როდესაც გარემოს ეცნობი, რაღაცეები თავისთავად მოდის და მერე აკეთებ ამას, მაგრამ კონკრეტულად რომ მიმითითონ... ერთმა ქალბატონმა მთხოვა ასეთი დამიხატე, ამ ფერებშიო და იქ გავჩერდი. ბოდიში, კი დავხატავ, მაგრამ როდის, არ ვიცი მეთქი. თან როდესაც ბავშვები უნდა დავხატო, რაც ბავშვებს ეხება, ჩემთვის გულწრფელია და ჩემით უნდა წამომივიდეს ფერები. ვთვლი, რომ როგორც ფიფქები თავისი აგებულებით ყველა განსხვავებულია, ასევეა მხატვრების სამყაროც. რა თქმა უნდა, გადამხატველობაც არის და ჰიპერიალიზმიც, კოპირებასაც აკეთებენ, რაც ძალიან კარგია, უბრალოდ ეს ჩემს ხასიათში არ დევს.
მხატვრობაში შენი სავიზიტო ბარათი რა არის? ადამიანებს ძალიან უყვართ შენი მახარობლები, მე ჟირაფები მიყვარს, იმიტომ რომ დიდი ემოციები მოაქვთ, რაღაც სხვაგან გადადიხარ, სხვა სამყაროში. ახლა წამოვიდა ჟღალთმიანი, ძალიან საყვარელი გოგოები, მათ არა აქვთ თვალები, სახე, მაგრამ თითქოს ყველა გიყურებს, გელაპარაკება...
მე თვითონ ველაპარაკები მათ. რამდენჯერ ყოფილა, უცებ გავიჭედე და ვეკითხები, შენ როგორ გინდა, ხელი როგორ გაგიკეთო? რა თქმა უნდა, ჩემს თავს ველაპარაკები, მაგრამ ეს მეხმარება იმაში, რომ მივყვე იმას, რაც არის. ამ ბოლო პერიოდში უფრო პრაგმატულად ვუყურებ ყველაფერს, მაგრამ ვცდილობ მაინც ჩენს ხასიათში ჩავსვა, ვიდრე პრაქტიკულ რაღაცას მოვარგო. ისიც ჩემეული უნდა იყოს.
გაქვს ისეთი ნახატი, რომელსაც არასდროს გაყიდი. ვთქვათ, დახატე და შენია, თუ არ უყურებ ამ თემას ასე?
ვფიქრობ, რომ ხატვა მაგ მხრივ არ დამიწყია, შეიძლება ყველა მხატვარს აქვს ეს მომენტი, მაგრამ ზოგადად, ჩემი არის მაინც გრაფიკა. გრაფიკა ძალიან დიდი შრომაა და ის ბარიერები, რომლებსაც ვაწყდები, თუნდაც გაყიდვის, შეკვეთის დროს, ამას გრაფიკას რაღაცნაირად არ ვაკადრებ, არ შევახებ. ის შინაგანი მე, რომელიც ჯერ კიდევ დასახვეწი მყავს იმ დონემდე, რომ არ ეწყინოს რაღაცა...
ანუ შენი მისიას, რომელიც შესასრულებელი გაქვს, ხედავ გრაფიკაში.
უდავოდ, ეს არის გრაფიკა, უბრალოდ ამას სჭირდება ძალიან დიდი სიმშვიდე, ყოფით რაღაცებზე არ უნდა ვფიქრობდე და კიდევ რაღაცები მაქვს გასავლელი ისეთი, გასაცნობიერებელი მომენტები, რაც დამეხმარება იმაში რომ კიდევ უფრო უკეთ გადმოვიტანო იმ გრაფიკაში ის სიუჟეტები, რაც ცნობიერებაში მოდის და მერე იმას ფორმა მივცე, ბევრად უფრო საინტერესო რომ იყოს. თან ვფიქრობ, რომ ძალიან დატვირთულია, თან მინდა რომ ძალიან დატვირთული არ იყოს, ეს მინდა ახლა თორემ, ზოგადად, რომ დავაკვირდი, მეცნიერული რაღაცაა, იმიტომ რომ დღეს კი ვიძახი, რომ ეს ასეა, მაგრამ ხვალ შეიძლება სულ სხვა რაღაცას მივაგნო. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს არის გრაფიკა
სიტყვა ბარიერები ახსენე ამ სფეროში და მეც ვიცი, რომ ბევრი ბარიერია, ბაზრის მოთხოვნა, გემოვნება, ძალიან პრეტენზიული და ზოგჯერ უსამართლო მყიდველი, რომელთან ურთიერთობაც კიდევ სხვა მიმართულებაა მხატვრობაში. ყველაზე ძალიან რა არ გიყვარს ამ ბარიერებს შორის?
ყველაზე ძალიან ის არ მომწონს, რომ ვერ ვხატავ იმას რაც მე მინდა. უფრო იმაზე ვარ გადასული, რაც ყველას უნდა, რაც გვინდა, იმიტომ რომ მე ჯერ არ ვარ მზად იმისთვის, რომ მივიღო კრიტიკა. ვიცი, რომ იქ შეიძლება რაღაცები ვიღაცას არ მოეწონოს და მითხრას, ჯერ ამის დრო არ მაქვს. ერთი მხრივ ეს კარგია, განვითარების პროცესია ორივე მხარეს, ანუ როდესაც ადამიანი სხვა ადამიანს აკრიტიკებს, საკუთარ თავსაც გამოხატავს ამით და მეორე მხარე რაღაცით ვითარდება, აკვირდება რა ხდება, რატომ გამოიწვია.
ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ, ხშირად ნახატისთვის სახელი არ დამირქმევია და ვეკითხები აუდიტორიას: აი, თქვენ რას დაარქმევთ? აბსოლუტურად ყველა მართალია რასაც ამბობს და ამბობს ყველა სხვადასხვას. ანუ ეს არის საინტერესო. ჩემი აზრით, ეს არის საქმეც და რაღაცნაირად სხვანაირად ვურთიერთობ ადამიანებთან. ჩემი ენაა ეს ფაქტობრივად. ზოგჯერ არ მყოფნის სიტყვები ზუსტად ის გადმოვხატო, რაც მინდა და ხშირ შემთხვევაში, ცოტა უხეში გამოვდივარ და რასაც ჰქვია, ჩემი ენა, არის ის რასაც ხელებით ვაკეთებ. მე კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მივალ მაქამდე, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებ, არის ჩემი ენა.
ეს ნახატები ისე არ დამიხატავს, ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს, ყვავილებს, თმის ფორმას, ხანდახან ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ რომ შევხედავ მერე ვხვდები რატომ ხდება ეს. ის ცოცხალია, არ არის ასე მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზია. მარტო სილამაზისთვის და მარტო ფერისთვის არა. მე ტყუილად არ ჩამისვამს იქ ის ფერი, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ფერს დატვირთვა აქვს, ყველა ფორმას თავისი დატვირთვა აქვს და ყველა სიმბოლოს. საერთოდ სიმბოლოებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზოგი სიმბოლო მე აღმოვაჩინე, ზოგიც ვისწავლე.
რომელია ასეთი სიმბოლო?
თმის ფორმას რომ შეხედავთ, თითქოს სიმბოლური ფორმები აქვთ. ეს არის სამყაროსთან კავშირი, ერთგვარი "ანტენა". ჟღალი ფერი, ეს არის წითლისა და ყვითლის ნაზავი და ეს არის სიცოცხლის საწყისი ფერი. "ანტენა" არის გამტარი და ასეთი კაბები რომ აცვიათ, თუ კი რამე ნეგატივი არის, ამას ყველაფერს ფილტრავენ. მიიღებს ინფორმაციას და ფილტრავსმ მას ეს უნარი აქვს. ანუ სამყაროს თავისი კანონზომიერება აქვს და აქ, ჩემი აზრით ცუდი და კარგი არ არსებობს, აქ ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც საჭიროა.
ეს სამყარო კეთილისა და ბოროტების ჭიდილი არაა ძირითადად?
ჩვენი შექმნილია ეს ყველაფერი, ჩემს სამყაროში, თვითონ სამყაროს არა აქვს ცუდი და კარგი, თორემ როგორც კი ჩვენთან მოვა, იმის მიხედვით ნაწილდება, როგორც ვმოქმედებთ...
ცხოველებს შორის ჟირაფი რატომ აირჩიე?
მისტიური თვალსაზრისით, ჟირაფი არის საიდუმლოს მატარებელი, იმიტომ რომ ის ხედავს, უფრო ზევით, და ყოველთვის არის იქ პატარა დეტალები, რომლებიც აწვდიან ქვემოდან ინფორმაციას. ის ქვემოთ ვერ ხედავს, მაგრამ რასაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, იმას აღიქვამს ძალიან კარგად.
შენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელმაც იმაში, რასაც ახლა ქმნი, მნიშვნელოვანი როლი შეიტანა და დიდი სტიმული მოგცა?
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამ სტიმულების მამოძრავებელი და ამ ყველაფრის ამწონ- დამწონავი, მე რომ სწორად მეფიქრა რაღაცებზე, პირველ რიგში, იყო ჩემი ბაბუა. ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი შემხვედრია, ოჯახის წევრებს თავი რომ დავანებოთ, რაღაცა მომენტებში შეიძლება გავბრაზებულვარ, ნაწყენიც ვყოფილვარ, დეპრესიაშიც ჩავვარდნილვარ, მაგრამ ვიტყოდი, რომ თუ კი ვინმე შევხვედრივარ ცხოვრებაში, ყველას მადლობელი ვარ.
როგორ თვლი, იპოვე უკვე საკუთარი თავი?
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, აი ახლა გავიზარდე, მაგრამ ალბათ, სანამ ცოცხალი ვარ, ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თავი ვიპოვე, ანუ რაღაცნაირად უსასარულოა ეს პროცესი, არ მთავრდება.
ფერებზე რომ ვილაპარაკოთ, რა ფერის ხარ შენ და რატომ?
ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიწერია ულტრა მელნისფერი, არ ვიცი რატომ. ჩემს ნახატებში ეს ფერი არ არის, მაგრამ დავხატავდი. ძალიან ბევრი მაქვს დასახატი და ბევრი ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი შენი ნაშრომების, სანამ გამოიტან სამსჯავროზე, ვინ არის?
სხვათა შორის პირველ რიგში საკუთარი თავი, არა აქვს მნიშვნელობა ისე რა მომეწონება, თუ როგორ, მაგრამ პირველ რიგში, ის ისეთია, როგორიც უნდა იყოს.
ყოფილა ისეთი ნახატი, რომელიც დაგიწყია და არ დაგიმთავრებია?
ძალიან ბევრი. ჩემთვის პირადად არ აღმოჩნდა ეს კარგი თვისება, იმიტომ რომ სხვა პრობლემა აღმოვაჩინე, ბოლომდე არასდროს მიმყავდა საქმე. ახლა, რაც არ უნდა არ მომწონდეს, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანო. სხვათა შორის, როცა დამლაგებლად ვმუშაობდი, აპარტამენტებს რომ ვალაგებდი, გინდა არ გინდა, საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. იმხელა "არ მინდას" ვაბიჯებდი, რომ ეს პრობლემა მომეხსნა და მერე ვიღებდი ძალიან კარგ შედეგს.
შენი სიტყვები, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება დიდი სტიმული აღმოჩნდეს იმისთვის, როგორ შეიძლება გადალახო შენი არ მინდა, მეზარება, არ შემიძლია...
ეს არის ფსიქიკასთან თანამშრომლობა, შენ თვითონ უნდა შეიცნო საკუთარი თავი. ბუნებით ზარმაცი არ ვარ, მაგრამ რაღაცა მაფერხებდა. ე. ი. რაღაცა ვერ გავიგე, ფსიქიკა ყოველთვის ისეთ რაღაცას გეუბნება, რაც გაწყობს, მოდი რა ახლა დაღლილი ხარ, გეზარება, რა მოხდა მერე, ხვალ გააკეთე, ასე თანამშრომლობ ფსიქიკასთან, რაც არ არის კარგი. ის რაც დაიწყე, იმ დასაწყისს პატივი უნდა სცე და ბოლომდე მიიყვანო. სხვათა შორის, რომელი ნახატიც არ მომწონებია დასაწყისში და მითქვამს საკუთარი თავისთვის, მოდი რა ბოლომდე მიიყვანე, ყველაზე კარგი გამოსულა. მაგალითად ჟღალი გოგოები ბოლომდე რომ არ მიმეყვანა, ეს შედეგი არ იქნებოდა.
რა მისია გაქვს ბოლომდე შესასრულებელი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიონალი მხატვრისთვის?
სხვათა შორის, ბავშვობაში დედაჩემს ხშირად ვეკითხებოდი, რატომ დავიბადე, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. სულ მაძიებელი, ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, ყველგან, ყველაფერში ვიყავი სულიერად, ფიზიკურად, საბოლოო ჯამში დავჯექი და ვთქვი, რომ ეს ყველაფერი არის სისტემაში მოსაყვანი.
საბოლოო ჯამში ყველაზე მარტივი ის არის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედო. ჩემი მისია ის არის, რომ ვიყო ის, ვინც მართლა ვარ. მე უნდა შევქმნა და ამ შექმნილით უნდა დაგაფიქრო. ვთქვათ, ხარ ცუდ ხასიათზე, რომ გაიაზრო რატომ ხარ ცუდ ხასიათზე და როგორ შეიძლება შეცვალო სიტუაცია, ბევრი შეკითხვა უნდა დასვა საკუთარ თავთან.
სულ იმას ვიძახი, ტყეში მინდა სახლი. იქ იქნება მაგიდა და სკამი მაქსიმუმ სამი. სამი იმიტომ რომ ენერგიის გადანაწილება სამ ადამიანში უნდა მოხდეს. აუცილებლად იქნება იქ ბევრი ყვავილი, მცენარეები და ჩემი დიდი სახელოსნო.
ჩემი მისია ბევრი სიტყვა არ არის, ჩემი მისია არის ხელით შექმნა. ასე მინდა გავესაუბრო ადამიანებს, ნაკლებად ვილაპარაკო და უფრო მეტი იყოს ემოცია.