ა.წ. აპრილის თვეში, სამების ახალგაზრდულ ცენტრში ემიგრანტი ქალბატონის გულნარა მიქანაძე-სვანიძის გამოფენა სახელწოდებით „ნარჩენების მეორე სიცოცხლე” ჩატარდა.
გულნარა სვანიძე იტალიაში ცხოვრობს. ის ბათუმელი მასწავლებელია და წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტებს ხელსაქმეს ასწავლიდა. ხელნაკეთი თოჯინების დამზადება ბავშვობისას დაიწყო. ემიგრაციაში ნოსტალგიის დასაძლევად კი, მეგობრების თოჯინური ორეულების ქსოვას შეუდგა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მის კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინა-ასლიც მოხვდა
გულნარა მიქანაძეს უამრავი გამოფენა ჰქონდა, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთშიც და შემოსული თანხები ბავშვებისთვის ქველმოქმედებას მოახმარა. პატარებისთვის წიგნებსაც წერს და თავისივე ხელნაკეთი თოჯინებით ასურათებს. „გულო ბებო“ – ასე იცნობენ ქართველი პატარები და დიდები. "გულო ბებოს" თოჯინებში "აიპრესის" ჟურნალისტიც აღმოჩნდა, ამიტომ ადგილზე მისვლისას, არაერთი შეკითხვა გაჩნდა, რასაც ხელოვანმა დიდი მონდომებით უპასუხა:
- ბავშვობიდან ორი ოცნება მქონდა,
1. მინდოდა მესწავლა პოლიტექნიკურში, სადაც მამა სწავლობდა და მხოლოდ 1 წელი იმუშავა გზის ინჟინრად. ბარისახოში დაიღუპა.
2. ვყოფილიყავი შრომის მასწავლებელი.(ჩემი სკოლის შრომის მასწავლებელ ტატიანა შევარდნაძის სიყვარულით)
ორივე სურვილი ამისრულდა.
- როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ხელოვნების ნიჭი და რა მიზეზებმა განაპირობა თოჯინების ქსოვა-კერვის მიმართულებით საქმიანობის დაწყება?
ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,საღამოს ფაკულტეტზე ...ბოლო კურსზე მჭირდებოდა სპეციალობით მუშაობის ცნობა, ამიტომ სკოლაში ხატვა–ხაზვას ვასწავლიდი.
იმდენად გამიტაცა პედაგოგობამ უკვე ინჟინრობა აღარ მინდოდა...მერე პედაგოგიურ სასწავლებელში მიმიწვიეს "შრომითი სწავლების მეთოდიკა პრაქტიკუმების" მასწავლებლად....მქონდა პროგრამა და ცოტა სახელმძღვანელოები. იძულებული ვიყავი ფანტაზიით შემექმნა ბევრი რამ. პროგრამა ქსოვას ითვალისწინებდა და მე ვასწავლიდი ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვას, თოჯინებსაც ვქსოვდით მაგრამ არა ისეთს, ჩვეულებრივს, სტანდარტულს...
იტალიაში სუვენირებს ვაკეთებდი დაბადების დღეებისთვის საჩუქრებად.. მერე ფეისბუქში ვდებდი სურათებს.
იმ დროს კობა ჭუმბურიძე თავის "რუბიკონს" გვთავაზობდა და თავიდან ვერ ავუღე ალღო, მაგრამ ერთ დღეს ასეთი ამბავი იყო მოთხრობილი, რუბიკა ზღვაზე და გაჩნდა იდეა, მოვქსოვე პირველი თოჯინა რუბიკა, შემდეგ ზანგი ქალი, იმდენად მოეწონათ მეგობრებს, გოჩა ბაქრაძემ ლექსი დამიწერა მეც მომქსოვე და ქალიც მომიყენე გვერდითო, აი ასე დაიწყო პერსონაჟები. რუბიკონს, ფეისგულეთი მოჰყვა, საერთო ძალით იქნა დასახელება შერჩეული და აქაც გოჩა ბაქრაძის იდეა იყო ."ფეისგულეთი" დარქმეოდა მეგობრების სურათებიდან მოქსოვილ თოჯინებს.
ერთი თოჯინა ისე ჰგავდა ნოდარ დუმბაძეს, ანზორ კაჭახიძემ შემომთავაზა იქნებ ნოდარის რომელიმე ფილმი გააცოცხლოო და მოვქსოვე "თეთრი ბაირაღების" პერსონაჟები. 2011 წლის იანვარში 120 თოჯინით გამოფენა იყო ბათუმში და თბილისში. შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი საქართველოში და გამოფენების ქალაქებს ქუთაისიც დაემატა.
- როგორია თქვენი ემიგრანტული ცხოვრება და როგორ უთავსებთ ყოფით ცხოვრებას და საყვარელ საქმიანობას ერთმანეთთან?
- როგორც იცით, ემიგრანტის და ისიც საყვარელ საქმესთან მოშორებით ყოფნა არც ისე ადვილია, მაკლდა აუდიტორია და სტუდენტებთან ურთიერთობა და ერთი ასეთი ბათუმში ყოფნის დროს, ჩემს უნივერსიტეტში დამითმეს 2 საათი ლექცია პრაქტიკულის ჩასატარებლად. ეს იყო ბედნიერი 2 საათი ჩემთვის. იტალიაში 2003 წელს ჩემი დის მოწვევით წავედი ჩემს 13 წლის თამართან ერთად. 4 წელი ისწავლა და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. უნივერსიტეტი და ასპირანტურა ბათუმში გაიარა.
- რა დატვირთვა აქვს, უფასოდ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში გატანას...
- ჩემს თოჯინებს ადრესატებს სიამოვნებით ვჩუქნი. ვინც საზღვარგარეთაა ვუგზავნი ფოსტით. გული მწყდება გამოფენის შემდეგ დარჩენილი თოჯინების ისევ ყუთში შენახვა. წელსაც ბევრი თოჯინა ისევ ყუთში დაბრუნდა ... მიყვარს ,,ლექსების გამოფენა,” რომელიც თითქმის ყოველ წელს იმართება ბათუმში, სადაც პოეზიასთან ერთად 100 სიტყვიანი პროზაცაა, მე კი სიუჟეტებს ვქმნი მოქსოვილი თოჯინებით ამ პროზის მიხედვით.
- თქვენი შემოქმედება უთქმელად მეტყველებს, რომ მას ზღაპრებთან აქვს კავშირი. ანუ ზღაპრები გიყვართ....რა მოგიტანათ თქვენ, როგორც პიროვნებას და როგორია ადამიანების წრე, ვინც გახდა თქვენი პერსონაჟები?
- რაც შეეხება ზღაპრებს, დასურათებული ბევრი მაქვს, მაგრამ ორი დაიბეჭდა , 1-,,ტელესიკი” 2-,,ყველის ფესტივალი”. მანამდე კი, ზოგი ჭირი მარგებელიაო - იტალიაში პირველ ბაბუასთან მუშაობის დროს ბაბუას გოგო არ ელაპარაკებოდა თავის ძმას. ჰოდა, როცა დაინახა იმ ძმისშვილს ვუქსოვდი მოსასხამს, ბაბუას ეუბნება ,,ფულს შენ უხდი ეს კიდევ ვიღაცას უქსოვსო” , თავისი ძმისშვილი ვიღაცა ყოფილა. ვკითხე თავისუფალ დროს რა ვქნა თქო, წერე იკითხე და ტელევიზორს უყურეო, მე კიდევ ამ წერა-კითხვაში პირველი წიგნი - "დაუვიწყარი ერთი წელიწადი” დავწერე . წელს ისიც საჩუქრებად მიიღო ჩემი გამოფენის სტუმრებმა. საჩუქრებად სხვადასხვა წელს გამოვიყენე ,,საიდუმლო” და ,,რა დრო გასულა” ასე რომ სულ ხუთია .
- რა არის სამომავლო მიზანი, რომელიც შეკრავს თქვენს თოჯინებთან ერთად მოქსოვილ ცხოვრებას და შემოქმედებას?
- მინდა ზღაპრები მივუმატო შემდეგი წლისთვის.