„ქართული კოშმარი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს გერმანული tagesschau ჟურნალისტ სილვია შტიობერის სტატიას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული სიტუაციის შესახებ 

ქართველი მილიარდერი ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად იყრის კენჭს. მისი გეგმა - ლიბერალური ოპოზიციის განადგურებაა. საქართველოს მშფოთვარე შემოდგომა ელის, - წერს სილვია შტიობერი და განმარტავს:

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების ორი მესამედის მოპოვება, რათა შესაძლებელი გახდეს კონსტიტუციის შეცვლა - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია. უკიდურესად მდიდარი ბიზნესმენი გეგმის რეალიზებას აღარ მიანდობს თავის დაქვემდებარებულებს, ამჟამად იგი საფარიდან გამოდის და თავად იყრის კენჭს პარლამენტის დეპუტატად.

ივანიშვილს „პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურად განახლება“ სურს. ის გულისხმობს, რომ სურს გააქროს ლიბერალური ოპოზიცია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს. ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი. ციხეში მყოფი მისი ყოფილი ლიდერი ახლა საკუთარი თავის აჩრდილიღაა, პარტია რამდენიმე ნაწილად დაიყო, მაგრამ ივანიშვილი კვლავ ქვეყნის უდიდეს მტერს უწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას" და აგრეთვე სხვა პროდასავლურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც კი, რადგან იგი მისგან დისტანცირდა და ოპოზიციას ალიანსი შესთავაზა.

სილვია შტიობერის თქმით, თუმცა გაურკვეველი რჩება, რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი უკვე ძალაში შესული კანონით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის ღიად ავლენს თავის თითქმის აკვიატებულ განზრახვას, გაანადგუროს ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე ლიბერალური ოპოზიცია. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 476-მა, რაც მოქმედ ორგანიზაციათა მცირე რაოდენობაა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სტატისტიკის სამსახურის თანახმად, აქტიური 4051 ორგანიზაციაა სულ რეგისტრირებული 31339-დან.

აღვნიშნავთ, რომ სილვია შტიობერი ეყრდნობა „იუსაიდის" 2023 წლის ოქტომბრის ანგარიში მოტანილ მონაცემებს, 1 ივლისის მდგომარეობით კი აქტიური 3758 ორგანიზაციაა სულ რეგისტრირებული 31333-დან.

ამასთან, როგორც „იუსაიდი" განმარტავს, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ა(ა)იპ-ის სტატუსი მუნიციპალურ და ცენტრალურ სამთავრობო უწყებას დაქვემდებარებულ რიგ უწყებას აქვს. ასევე აღვნიშნავთ, რომ თანახმად სილვია შტიობერის მიერ მოტანილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ჰანს გუტბორდის ციტატისა, საზოგადოების მხედველობის არეში 40-დან 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა.