გადაუღებელი წვიმების შედეგად, მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან ლაგოდეხში. დიდი რაოდენობით მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში საავტომობილო ხიდი დააზიანა. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
ლაგოდეხიდან გურჯაანისა და ყვარლის მიმართულებით გადაადგილება შემოვლით გზებზე ხდება.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფენის, კაბალის, გიორგეთის, ნინიგორისა და კართუბნის თემებში, სადაც დაიტბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზები, დაზიანდა ავტომობილები, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი.
ადგილობრივები სასმელი წყლით, საკვებით და თბილი ტანსაცმლით დახმარებას ითხოვენ.
ლაგოდეხში საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის საკოორდინაციო შტაბი.
,,აქტიურად გრძელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა, ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლების კაბალი - ბაისუბანი დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის სამუშაოები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ასევე გრძელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის შემსწავლელი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობის დახმარების მიზნით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.,, - ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.