შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ.
დეტალური ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.











