“ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ ვაშვარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

1561125185
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით “ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიზნით უნგრეთში გაემგზავრა.
ქ. ვაშვარის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეათე წელია ხორციელდება უნგრეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ, მიმდინარე წელს კი ფესტივალი 20-26 ივნისს გაიმართება და არაერთ ღონისძიებას გააერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ უნგრელი მაყურებლის წინაშე ეჟენ იონესკოს პიესით – „მელოტი მომღერალი ქალი“ – წარდგება, რომლის რეჟისურაც გიორგი ჩხაიძეს ეკუთვნის.
გიორგი ჩხაიძე: „ვაშვარის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებლისთვის სპექტაკლის წარმატებით წარდგენა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვინაიდან ქალაქში არაერთი სახელმწიფო და დამოუკიდებელი თეატრი მოღვაწეობს, იმართება არაერთი თეატრალური ფესტივალი, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო მასშტაბით წარმოსაჩენად, პროფესიული კავშირების დასამყარებლად და შემდგომი თანამშრომლობის გასავითარებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა ხელს შეუწყობს თეატრალური დასის შემოქმედებით ზრდას და გამოცდილების გაღრმავებას.“
ექსპერიმენტული თეატრი ყველგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ – გათვალისწინებული „მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.