ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა.
რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე საფერავი, 7 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 110 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.