პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული, - ასე უპასუხეს „იმედინიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს.

„იმედინიუსი“ დაინტერესდა, რა ზომებს შეიძლება მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წითლიძის ამ განცხადებაზე და დააკავებენ თუ არა ანა წითლიძეს, რაზეც სუს-ში განაცხადეს შემდეგი:

„არა, არ დავაკავებთ. ბრალდებული ხაბეიშვილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ახლა, ასეთი რამ ბევრმა შეიძლება გაიმეოროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს. ამ განცხადებით წითლიძე გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას.