მე-11 მოწვევის პარლამენტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ“ 80 ხმით,  ერთხმად დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

 „საქართველოს კონსტიტუციის  50-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი. პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გათვალისწინებული იყო, რომ 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი 6 წლის ვადით იქნებოდა არჩეული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფიცი დადო 2018 წლის 16 დეკემბერს. მას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 16 დეკემბერს ეწურება.

„კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს ან საპარლამენტო არჩევნები 1 თვით ადრე იმართება,  მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები.  პრეზიდენტი 5 წლით უნდა ავირჩიოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები ჩატარდეს მიმდინარე წელს, ასევე პრეზიდენტის ინაუგურაციაც გაიმართოს 2024 წელს, რათა არჩეულ პრეზიდენტს ჰქონდეს 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა.

 სხვა შემთხვევაში, თუკი არჩევა და ინაუგურაცია გადავიდოდა 2025  წელს, პრეზიდენტს ფაქტობრივად, ავირჩევდით 6 წლის ვადით, რადგან შემდეგი არჩევნები მოუწევდა 2030 წლის ოქტომბერში, რაც ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც კონსტიტუციაშია მოცემული პრეზიდენტის 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით“,  -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის მეორე პუნქტისა და  პარლამენტის რეგლამენტის 194-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 14 დეკემბერს.  რაც შეეხება პრეზიდენტის ინაუგურაციას, ის 2024 წლის 29 დეკემბერს გაიმართება.

 „პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ 300  წევრიდან   150 პარლამენტის მოქმედი წევრია, აჭარის უმაღლესი საბჭოდან 21 წევრია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან - 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობით და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევის შედეგად. ეს კოლეგია 2024 წლის 14 დეკემბერს  შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო, ამ თარიღიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში უნდა შეიკრიბოს და დაადგინოს პროცედურები, ვადები. მან უნდა ჩამოაყალიბოს კოლეგია“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 მისი თქმით, პირველივე ტურში კანდიდატის ასარჩევად საჭიროა, რომ მან მოაგროვოს  კოლეგიის წევრთა 2/3. თუ ამ რაოდენობას კანდიდატი ვერ მოაგროვებს, მე-2 ტური იმართება.

 პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, იმავე დღეს გაიმართება. 

„კანონში ასევე განსაზღვრულია დრო. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება 2024 წლის 14 დეკემბრის 9 საათიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.