პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის ბოლომდე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია წელსვე გაიმართოს, რადგან, სხვა შემთხვევაში მისი ვადა ფაქტობრივად, 6 წელი გამოვა.
„საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა. მაშინ, გარდამავალი დებულებების შესაბამისად, პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩა იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგად [რომელიც ახლა ჩატარდა] დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდა, მოქმედ პრეზიდენტს 6 წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე, როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, რაც პრეზიდენტის არჩევის თარიღს ეხება და შევიტანთ დღის წესრიგში და დავამტკიცებთ სესიის ფარგლებში, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს. ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.