შევეცდებით და ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ - პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, ვინ იქნება დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებენ.
„ახლა შევეცდებით და ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ - პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, გუნდის შიგნით, მართლაც ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია. ჩვენ შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით, თარიღის გამოცხადებასთან - ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატზეც“, - განაცხადა მდინარაძემ.