მივხვდი, რომ ყველაფერი იყო ჩემზე დამოკიდებული, მათ შორის არა საკუთარი ბედი, არამედ ყველა იმისი, ვინც ჩემს სოციუმს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ჩემი მშობლების. თუ ჩემთვის ეტლი იქნებოდა ნეგატიური რეკვიზიტი, ის ყველასთვის გახდებოდა სასჯელი, თუ მე ვიტყოდი რომ პირიქით, ეს არის ერთ ერთი ატრიბუტი, რომელიც მე დამოუკიდებელ გადაადგილებაში მეხმარება, ის ყველასთვის გახდებოდა პოზიტიური აქსესუარი ჩემი ცხოვრების, - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა.
„1998 წელს ვიყავი მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ავტოავარიის შედეგად, ეტლის საჭიროება გახდა ჩემს ცხოვრებაში. ნოემბრის ერთ-ერთი წვიმიანი საღამო იყო. ამ საღამოს მე და ჩემი მეგობარი მოვყევით ავარიაში, მაგრამ თავიდან არ გვეგონა რომ ყველაფერი ასე იქნებოდა, მე მაშინ გონება დავკარგე, ვინაიდან ხერხემლის დაზიანება მივიღე. თავიდან, როდესაც თვალი გავახილე, არც კი მახსოვდა, თუ რა დამემართა და სხვათა შორის ჩემი ერთი მეგობარი ესწრებოდა ოპერაციას, 12 საათიანი ოპერაცია იყო, მახსოვს, ასეთი რაღაც ვუთხარი, უბანშიც დოლბანდით დაიწყე სიარული? და უცებ გამახსენდა ყველაფერი, ტკივილმაც ძალიან შემაწუხა, მახსოვს მითხრა, ქვემოთ ფაქტობრივად მიტინგია, ყველა აქ ვართო. ვკითხე ჩემი მშობლებიც აქ არიან-თქო და კი აქ არიანო, რატომ დაუძახეთ-მექთქი, დღეს საღამოს მაინც სახლში მივალ-თქო, იყო 12 ნოემბერი და სახლში მივედი 12 დეკემბერს, მანამდე ვერ შევძელი სახლში მისვლა. პოსტოპერაციულმა გართულებებმა იჩინა თავი და სამი კვირის განმავლობაში 2 ოპერაციის გადატანა მომიწია. საბოლოო ჯამში, ამ ავარიით დაზარალებული მარტო მე აღმოვჩნდი, მაგრამ იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ყველა დაზარალებული იყო ჩემს ირგვლივ. არც არავის უთქვამს ჩემთვის რომ ვერ გავივლიდი, ამას ჩემით მივხვდი. პირველ რიგში ადამიანი ფიქრობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, არ უნდა გახვიდე გარეთ სანამ არ გაივლი და ყველა გაძლევს ამის იმედს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანისთვის არის ის, რომ შენ თვალი უნდა გაუსწორო სინამდვილეს და ამ დროს საკუთარი თავი არ დაკარგო. როდესაც უკვე სახლში გამომწერეს, ზუსტად ერთი თვე იყო გასული, მახსოვს, პირველი, რასაც ვფიქრობდი, ახალ წელს უნდა დავდგე ფეხზე, მერე მახსოვს, ექიმები მეუბნებოდნენ, აი გაზაფხულზე დადგები, მერე გადავიდა ზაფხულზე, შემოდგომაზე, მერე გაისად ფეხბურთსაც ითამაშებ და ა. შ... მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში მივხვდი, რომ ორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მქონდა, ერთი იყო ის რომ ფანჯრიდან უნდა მეყურებინა ცხოვრება როგორ გაივლიდა, და მეორე იყო ის რომ ცხოვრების ნაწილი უნდა გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ იქნებოდა ბევრი სირთულეები და დაბრკოლებები, ამას არ უნდა შევშინებოდი. სიცოცხლის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო ჩემში და ამავდროულად, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი იმდენად განვითარებული იყო ჩემში, ერთადერთი რაც გადავწყვიტე, ის რომ მე უნდა მქონოდა ისეთი ეტლი, რომელიც იქნებოდა მორგებული ჩემს საჭიროებებზე და იქნებოდა ესთეტიკურადაც კარგი და მე ეტლით უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ჩვეულებრივად.
რა თქმა უნდა, ადამიანს პირველ რიგში ცუდი ფიქრებისკენ გაგირბის გონება, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი იყო ჩემზე დამოკიდებული, მათ შორის არა საკუთარი ბედი, არამედ ყველა იმისი, ვინც ჩემს სოციუმს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ჩემი მშობლების. თუ ჩემთვის ეტლი იქნებოდა ნეგატიური რეკვიზიტი, ის ყველასთვის გახდებოდა სასჯელი, თუ მე ვიტყოდი რომ პირიქით, ეს არის ერთ ერთი ატრიბუტი, რომელიც მე დამოუკიდებელ გადაადგილებაში მეხმარება, ის ყველასთვის გახდებოდა პოზიტიური აქსესუარი ჩემი ცხოვრების, ამიტომ მივხვდი, რომ მე სხვა არჩევანის გაკეთების უფლება არ მქონდა, მაშინ ვიყავი 19- 20 წლის და სხვანაირად არ უნდა მეფიქრა",- ამბობს რატი იონათამიშვილი.