როდესაც ორგანიზაცია ამბობს, რომ ის ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებელია და ამ დროს, „თავისუფლება მიშას“ მსგავს კამპანიებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ის იტყუება და ობიექტური დამკვირვებელი კი არა რადიკალიზმის წამხალისებელია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა კანონის უზენაესობის შეურაცხყოფაა.
„როდესაც ორგანიზაცია ამბობს, რომ ის ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებელია და ამ დროს, „თავისუფლება მიშას“ მსგავს კამპანიებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ის იტყუება და ობიექტური დამკვირვებელი კი არა რადიკალიზმის წამხალისებელია ჩვენს ქვეყანაში. ახალისებს იმას, რომ არ იყოს კანონის უზენაესობა. მაშინ, როდესაც თითოეულმა ქართველმა იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გასამართლებული ჰყავს ქართული სასამართლოების გარდა სტრასბურგის სასამართლოსაც. რომელიც ბოლო პერიოდში გამოირჩა იმით, რომ „ფეიკ“ კამპანიებს დგამდა და სტრასბურგის სასამართლომ ამხილა სიცრუეში. როდესაც ასეთი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ, ეს ხომ არის კანონის უზენაესობის პრინციპის შეურაცხყოფა?! იმ პრინციპის, რაზეც თანამედროვე დემოკრატიები დგას. ეს ადამიანები ამით თვითლუსტრირებას ახდენენ სინამდვილეში და გვიმარტივებენ იმას, რომ სწორი დასკვნების გამოტანაში დავეხმაროთ საზოგადოებას. ესეც რომ არა, ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიზარდა პოლიტიკურად და იმდენად იცის როგორც ომის, ისე მშვიდობის ფასი ამ ხალხს ვერავინ ვერასდროს მოატყუებს მავნებლური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.