სალომე ზურაბიშვილი არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის წყარო და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, არამედ გამოხატავს იმ შიშს, რაც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაშია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ის უდიდესი სხვაობა, რაც „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის უფრო იზრდება.
„დღითი დღე რადიკალურ ოპოზიციას სულ უფრო მეტად აქვს იმის ნაკლები შანსი, რომ თუნდაც ერთი სუბიექტის გარდა, ვინმემ გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი. ამიტომ ახლა ცდილობენ იმ გზების პოვნას, რომ რამენაირად მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, არანაირი მესამე ძალა და ალტერნატივა არ არსებობს, ისინი ყველანი ერთი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ფაქტობრივად, ერთი რეზიდენტურაა და ამ როლებს როგორ გაინაწილებენ, ამას მნიშვნელობა საარჩევნო შედეგებზე არანაირად არ ექნება და მარტივი არჩევანი გაკეთდება – ღირსებასა და მონობას შორის, მშვიდობასა და ომს შორის, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესა და წარსულს შორის.
ჩვენი ქვეყანა წარსულის – მონობისა და ღალატის მხარეს, მათგან განსხვავებით, არასოდეს დადგება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ერთ რეზიდენტურას წარმოადგენენ. მათ ერთადერთი, რაც აერთიანებთ, არის ის, რომ არიან აგენტები საქართველოს წინააღმდეგ. ერთ მხარეს არის თაღლითების პარტია და მეორე მხარეს – მოღალატეების. ისინი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ერთი მიზანი აქვთ, დავალებების ერთი მიმცემი ჰყავთ და როლების ერთი გადამანაწილებელი, მაგრამ ამ როლებსაც ვერ ასრულებენ, არაფრის ნიჭი არ აქვთ. შესაბამისად, მათ ძალიან მწარე მარცხი ელოდებათ. პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს თუ არა, სალაპარაკო აღარ არის, რადგან ის არანაირ სტატუსს პატივს არ სცემს. როგორც ჩანს, ეს აგენტურის ხვედრია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: საჭიროა, პოზიტიური მესამე ცენტრი - მოვუწოდებ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ
ასევე, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით: ხვალ, 15:00 საათზე პრეზიდენტი ელოდება გახარიას და ხაზარაძის პარტიის წარმომადგენლებს