ადამიანს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, ჩვენ ერთი ადამიანის გარეშე არავინ ვართ, ნულები ვართო და ამ დროს პარლამენტის დეპუტატობა, ხალხის ინტერესის ასახვა უნდა, რელიგიური მიმდინარეობა ხომ არ არის?!- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელი ვიყავი იმ პროცესში, მჯეროდა, რომ ამ პარტიის რეკონსტრუქცია შესაძლებელი იყო. ახლაც არიან ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ მიშას გარეშე ყველანი ნულები ვართ - არასოდეს ვეთანხმებოდი ამას და მეტიც, შეურაცხმყოფელი მეგონა. ადამიანს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, ჩვენ ერთი ადამიანის გარეშე არავინ ვართ, ნულები ვართო და ამ დროს პარლამენტის დეპუტატობა, ხალხის ინტერესის ასახვა უნდა - ამის ცვლილებაც მსურდა.
არის ვითარება, როცა ბევრი თანამოაზრე გყავს, მაგრამ არ გყავს თანამებრძოლი - დღეს ბევრი თანამოაზრეც არის და თანამებრძოლიც. 
თითქოს, ტრივიალური პრობლემაა, მაგრამ ჩემთვის ფუნდამენტური პრობლემა იყო - როდესაც პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება, განვითარება, დემოკრატიის გამყარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ამბობ, რომ მეინსტრიმული პარტია ისეთი უნდა იყოს, სადაც სწორება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნება, ეს თავშივე წარმოუდგენელია, რაც არ უნდა დიდ პატივს სცემდე და ამაზე ბევრი კამათიც მქონია. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, რელიგიური მიმდინარეობა ხომ არ არის?! - ამ ყველაფრით სარგებლობდა წლების განმავლობაში “ქართული ოცნება”.
ერთი და იგივეს კეთებით, ერთსა და იმავე შედეგს ვიღებდით. რა დროსაც ჩვენ, განსხვავებული ხედვის ჯგუფი მოვძლიერდით, რომლებიც პატივს ვცემდით წარსულს, ანგარიშს ვუწევდით მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასაც, მაგრამ მიუღებელი იყო, რომ ეს პარტია ერთი ადამიანის იყო, დავიწყეთ ძალიან სასარგებლო და საჭირო რეფორმების გატარება. 
პოლიტიკა პირველ რიგში აღქმაა - რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, კარგად საუბრობდე და ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, როდესაც პოლიტიკას ეხება საქმე, ეს არის აღქმა იმისა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი.
როდესაც გლდანში გავიმარჯვეთ [სამწუხაროდ, ერთადერთი ოლქი იყო, სადაც ოპოზიციამ მოიგო პირველ ტურში], არ დაგიმალავთ, რასაც უკანასკნელი ათი თვის განმავლობაში ვსაუბრობ, ველზე მუშაობისას იგივეს ვსაუბრობდი და შედეგიც შესაბამისი დავდეთ - როდესაც შენ პარტიას წარმოადგენ გლდანში და ამავე დროს მაჟორიტარი ხარ, პარტიამ დააფიქსირა 28% [თბილისში ყველაზე მაღალი იყო], ამავე პარტიის მაჟორიტარმა 16%-ით მეტი ავიღე - ეს ის პროცენტია, რომელიც ვერ ბედავდა პარტიისთვის ხმის მიცემას, რადგან ვანოს კუდი და კეზერაშვილის თავი მოჩანდა. 
დღეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ათასობით თბილისელისთვის, ქუთაისელისთვის, ზუგდიდელისთვის, პარტიის მესაკუთრეებად მივიღეთ.
დაკარგული ვერ იქნება ის, რაც გამიკეთებია - შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ გააზრებული შეცდომები არ დამიშვია… 
იქ ჯერ კიდევ არიან ჩემთვის ნორმალური და ღირებული ადამიანები და ისინიც ძალიან მალე დაინახავენ, სად არის სიმართლე.
შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა დასხდებით და განგებ მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ რაღაც გააფუჭო, ვიღაცას იმედი დაუკარგო, აწყენინო, ამას სხვა სახელი ჰქვია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წლებმა მომცა გამოცდილება, შესაძლებლობა ნდობისა ასობით თანამებრძოლის მიმართ. ამ პროცესს კრისტალიზაციის პროცესს ვეძახი, რადგან დაწრიტა ყველაფერი - ბევრი ადამიანი, ვინც სანდო მეგონა შენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან შიშველი ხელით ბრძოლაში, მოვიხედე და ჩემი მოსაკლავი დანა ჰქონდა მომარჯვებული… ამ პროცესმა მინიმუმ ის მომცა, რომ არაგულწრფელი ხალხისგან გავთავისუფლდი და დავრჩი ძვირფას ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება"- განაცხადა ნიკა მელიამ.