კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის მეოთხე თეატრალური ფესტივალი თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე დაესწრო.
რეჟისორ ლუკა მონავარდისაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში დაიდგა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელობაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დელეგატმა, გია ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საბა ასლამაზიშვილმა ისაუბრეს.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1-დან 7 ივნისის ჩათვლით იმართება. მასში მონაწილეობს რვა ქართული და სამი უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის „ათინათი“ სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლების გარდა, საფესტივალო დღეებში ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ მოძრაობაში. ასევე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართული თეატრის ისტორიის შესახებ წაიკითხავს ლექციას.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე I, II და III ადგილზე გასული სპექტაკლები გამოვლინდება. გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემია გადაეცემათ. თანხა თეატრების საჭიროებებსა და მათ განვითარებას მოხმარდება.
ფესტივალი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაფუძნდა.
პროექტის მიზანია საქართველოში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა, ქართულ თეატრალურ სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოყვარულო და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შესაქმნელად სახელმწიფო თეატრების წახალისება, ქალაქ სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად განვითარების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.










