საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მსჯავრდადებულმა მიხეილს სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წლიანი ვადა, გაყიდონ სახლები.
მისივე თქმით, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ამ საკუთრების შეძენაში დაეხმარება:
"მინდა ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო და მე მინდა უბრალოდ, ვუთხრა მათ, რომ როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება და თამაშის წესები უნდა იყოს პატიოსანი - პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და პირიქით, პირადი საკუთრების გაძლიერებულ დაცვას ვაპირებ, მაგრამ რაც შეეხება რუსებს, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი რომ გაყიდონ ბინები, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და უცხოეთში მყოფ ქართველებს შეღავათიან ფასებში აყიდინონ სახელმწიფოს დახმარებით ეს ბინები და ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ მათ შორის, იმ კერძო საკუთრების ხარჯზე, იმ ნაყიდი ბინების ხარჯზე, რომლებიც რუსებს გააჩნიათ დღე საქართველოში. სანამ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია ეს არ განიხილებოდეს ქვეყნისთვის საფრთხედ" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული რუსები დღეს აკეთებენ ბიზნესს, სადაც ისევ რუსები არიან დასაქმებული და მომავალში მსგავსი მიდგომა უნდა შეიცვალოს - "ყველა სხვა უცხოელს, ვინც ჩადებს ფულს, უნდა დავავალდებულოთ, რომ დასაქმებული მუშა ხელის 90% უნდა იყოს ქართველი" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.