ჩვენი პატრიარქი სულ ადევნებდა თვალყურს და ყოველდღიურად ისმენდა სხდომების ანგარიშებს, როცა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ვმუშაობდით, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხდომები მიმდინარეობდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან. რასაკვირველია, იქ ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებიც, პროფესორები უმაღლესი სკოლიდან და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე ძალიან ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა. პატრიარქი ყოველთვის საქმის კურსში იყო, მეც მქონდა კონტაქტები ძალიან ახლო და ის დაინტერესებული იყო, ეს კონსტიტუციური შეთანხმება როგორმე ამ სახით გასულიყო. ჩვენ საუბარი გვქონდა და ითქვა კიდევაც, ხომ არ ითხოვენ იმას, რომ რამე განსაკუთრებული პრივილეგია ჰქონდეს მართლმადიდებლურ ეკლესიას? გვინდა თანამშრომლობა, თანასწორობა, თანასწორ მდგომარეობაში ყოფნა და უფლებების გადანაწილება, იგივე იუსტიციის, საგანმანათლებლო სფეროში და აქეთკენ იყო მოწოდებული ყოველთვის.

მინდა გითხრათ, რომ ის ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებდა. მისი დიდი მეცადინეობის შედეგია, რომ ეს წარმატებით განხორციელად, განსაკუთრებით, კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხები, ვიდრე მივიდოდით უკვე კონსტიტუციურ შეთანხმებამდე. ყველა დეტალის საქმის კურსში იყო. კონსტიტუციურ შეთანხმებაზე თვითონ ამბობდა და ეს მოსაზრება პრესაშიც იყო დაბეჭდილი, რომ უპირატესობა მისცა ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებით იქნებოდა განსაზღვრული. ბოლომდე იცავდა და გაიტანა კიდეც. სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი აქვს, რომლის შერყევა ძალიან ძნელია. კონსტიტუციას თუ ვინმე თავიდან ბოლომდე შეცვლის, მაშინ შეუძლიათ, სხვაგვარი წყობილებაც დაამყარონ, მაგრამ სხვანაირად, ამის ხელის ხლება, რომ ეკლესია დაჩაგროს ვინმემ, გამორიცხულია. პრესაში როდესაც გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება, თქვა, რომ კონსტიტუციური შეთანხებაა ყველაზე მისაღები ფორმაა, ეს განპირობებულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული მდგომარეობით, რომ ჩვენ ზომაზე მეტად არ მივდივართ, განსაკუთრებული პრივილეგიები შევუქმნათ მართლმადიდებელ ეკლესიასო. ამიტომ, განუზომელია მისი როლი და ღვაწლი სწორედ კონსტიტუციურ შეთანხმების შემუშავებასა და მიღებაში“, – განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

შეკითხვაზე, რა როლი ჰქონდა პატრიარქს საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხში, ჯონი ხეცურუანმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე როცა მიდიოდა მუშაობა, სიკვდილით დასჯის შენარჩუნების საკითხს ძალიან ბევრი მომხრე აღმოაჩნდა, შეიძლება, პარლამენტში არ გასულიყო, მაგრამ აქ პატრიარქის წერილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„1997 წელს დადგა სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების საკითხი, რომლის ერთ-ერთი პირობა იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება, ამიტომ კათოლიკოს-პატრიარქმა წერილით მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს ამის თაობაზე. წერილში ძირითადი ის იყო, რომ ღვთის ერთ-ერთი მცნებაა – „არა კაც კლა“, ეს სიტყვები მიმართულია არამხოლოდ ადამიანების, არამედ ერებისა და სახელმწიფოების მიმართაცო; შეუძლებელია ბოროტების აღმოფხვრა ბოროტებითო; სიკვდილით დასჯა ნებისმიერ შემთხვევაში ბოროტებაა, რადგან ადამიანის სიცოცხლის წართმევის უფლება აქვს მას, ვინც იგი მიანიჭა, ანუ ღმერთსო; ეს ღმერთის საქმეა, თქვენი – არაო. სხვათა შორის, ამან ძალზედ იმოქმედა, ეს წერილი პარლამენტში გავავრცელეთ, მე მომხსენებელი ვიყავი სიკვდილით დასჯის აკრძალვის საკითხზე და კენჭი როცა ვუყარეთ სიკვდილის დასჯის სრულად გაუქმებას, 148 ხმით ერთის წინააღმდეგ გავიდა და ეს საკითხი იქნა მიღებული. სიკვდილით დასჯა უკვე სრულად და საბოლოოდ აიკრძალა. ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა პატრიარქის წერილს და ნამდვილად დიდია მისი წვლილი. ორივე უმნიშვნელოვანესი საკითხის, კონსტიტუციური შეთანხმების და სიკვდილით დასჯის აკრძალვის გადაწყვეტაში განუზომელია პატრიარქის როლი“, – განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.