სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისკენ, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.

„თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე აქტიური და მჭიდრო კონტაქტი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან, ქალაქსა თუ რეგიონებში. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით. ვგულისხმობ, რომ ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისკენ, იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმები, დროში დანახული, რა და როგორ უნდა განვითარდეს, რომელმაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, არამედ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრას უნდა შეუწყოს ხელი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ამ თემებზე იყო საუბარი. იყო წარდგენილი ხედვა, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ამუშავებს თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო, უშუალო ჩართულობით. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული.  იყო ურთიერთგაგება, რადგან ყველა ამ საკითხის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტის გზების ძიებაში თვითონ მუნიციპალიტეტები და საკრებულოები იყვნენ ჩართული. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის შესაბამის წევრებთან ერთად, პარლამენტის ჩართულობით მოახდინონ ყველა ამ საკითხზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და თავიანთი პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.