კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება.
ქმედებას მოჰყვება ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან 3 წლამდე პატიმრობა. აღნიშნულ ინიციატივაზე პარლამენტში მსჯელობა მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.
ოპოზიციაში დაგეგმილ ცვლილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კი, ინიციატივის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"არაღიარება ნიშნავს ქვეყანაში ქაოსს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის გაუქმებას. არიან სახელმწიფოები, ვინც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას, მთელ საქართველოში. ეს პოლიტიკურად და მორალურად, დაახლოებით ერთი და იგივე მნიშვნელობის მტრობაა, საქართველოს მიმართ",- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.



